ჯაფარიძე: დღეს მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი და ე.წ. ხელისუფლება სხვადასხვა მხარეს დგას

09.05.25 18:46
ჯაფარიძე: დღეს მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი და ე.წ. ხელისუფლება სხვადასხვა მხარეს დგას

სტუდენტების, ხელოვანების, სამოქალაქო აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების გარდა, პარლამენტთან ამ წუთებში პოლიტიკოსებიც იკრიბებიან - საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე სოფო ჯაფარიძეც დგას, რომელიც დღევანდელი აქციის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი "პირველებთან" ამბობს, რომ დღეს ევროპული მომავლის მცველებმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა დაანახონ, რომ ე.წ. ხელისუფლება და ქართველი ხალხი სხვადასხვა მხარეს დგას. 

ხედავთ, გარშემო სამედიცინო სფეროს რამდენი წარმომადგენელია. მე ვარ ამაყი, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის, ევროპული მომავლის, თავისუფლების სადარაჯოზე ვდგავართ. დღეს არის ევროპის დღე, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ხმა ავიმაღლოთ და მთელ მსოფლიოს ვანახოთ, სად დგას ქართველი ხალხი, როგორი ერთგული არის ქართველი ხალხი ევროპული, დასავლური კურსის მიმართ. დღეს კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს მთელმა მსოფლიომ, რომ ქართველი ხალხი და ე.წ. ხელისუფლება სხვადასხვა მხარეს დგას". - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. 

"ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია" - ამ გზავნილის გარშემო, ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება.

მოქალაქეებმა 5 ლოკაცია იკრიბებიან, ესენია - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, მარჯანიშვილის მეტრო, რესპუბლიკის მოედანი, საზოგადოებრივი მაუწყებლობა და ავლაბრის მეტრო.

რამდენიმე წუთში ევროპული მომავლის მცველები საპროტესტო მსვლელობას დაიწყებენ და მარშით ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ. დანიშნულების საბოლოო ადგილი კი რუსთაველის გამზირი იქნება.