დიპლომატების რეპრესიები - რა ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროში (ჟურნალისტური გამოძიება)
"ქართული ოცნების" რეჟიმი NATO-ში საქართველოს საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობას ამცირებს - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შტატებს აუქმებენ ამერიკაში, საქართველოს საელჩოში, გერმანიაში, ესპანეთში, მოლდოვასა და პოლონეთში.
"შაბათის ეთერს" საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებულმა არა ერთმა პირმა უთხრა, რომ რეჟიმის სამიზნე ახლა ის ხალხია, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერა ხელი, თქვა რომ არ ეთანხმება კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე და იცავენ კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა გაარკვია, რომ 29 აპრილიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში ქაოსია. ბოჭორიშვილი თანამშრომლებთან წერილებს აგზავნის - ხან რეორგანიზაციის შესახებ ატყობინებს, ხან კონკურსს აცხადებს. ბოჭორიშვილის ე.წ რეფორმა ეხებათ თბილისში მყოფებს და უცხოეთში საელჩოებში მომუშავე ადამიანებიც.
მას შემდეგ, რაც დაანონსებული წმენდის შესახებ დოკუმენტები "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, მაკა ბოჭორიშვილი გაბრაზდა და მტკიცებულების მოპოვებას "დანაშაული" უწოდა - ივანიშვილის მინისტრი არ ერიდება რუსული სიტყვის გამოყენებასაც.
"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა ბოჭორიშვილს ოთხშაბათს, შვიდ მაისს, დღის 14:00 საათზე გაგზავნილი დოკუმენტი, ე.წ. საშტატო ნუსხა აჩვენა. ირკვევა, რომ ბოჭორიშვილმა თანამდებობები გაუუქმა და დაუქვეითა პეტიციაზე ხელმომწერებს.
ხალხი, ვინც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობას წლები შეალია, მინიმუმ 130 ადამიანი სახლში გაშვებას ელოდება. სამინისტროში რჩებიან, "ტიკ-ტოკერი" თანამშრომლები, ვინც საელჩოდან ცნობილი ბრენდების "ამბოქსინგით" არის დაკავებული.