გომელაური არ გამორიცხავს, რომ ლილუაშვილის ნათესავი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის სახლთან სისხლიანი ანგარიშსწორება მოაწყო, ქვეყნიდან გაიქცა

2 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული 23 წლის საბა სახვაძე ამ დრომდე არავის დაუკავებია - ახალგაზრდა, ვინც საქმის მასალების თანახმად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საცხოვრებელთან სისხლიანი გარჩევა მოაწყო, პროკურატურამ ძებნილად გამოაცხადა.
მას შემდეგ რაც "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდებული სუს-ის ექს შეფის ახლო ნათესავია, "ტვ პირველმა" "ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ჰკითხა, რატომ ვერ აკავებენ ბრალდებულს.
- დადგენილია: სალომე ზურაბიშვილის სახლთან სისხლიანი ანგარიშსწორება გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავმა მოაწყო
"ვინც დასაკავებელია, ყველას ვაკავებთ, ალბათ თქვენი წყარო ცდება... არ ვიცი რაზე მეუბნებით, სროლა იყო და გამოძიება დაიწყო, დასაკავებელი თუ იყო პროკურატურასთან ერთად დავაკავებთ... არანაირი ჩვენი ახლობელი არ არის! "- უთხრა გომელაურმა ჟურნალისტს, მას შემდეგ რაც ნატა ქაჯაიამ ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტის წევრს, უთხრა, რომ "შაბათის ეთერის" წყაროს ინფორმაციით, ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.
ამ კომენტარიდან რამდენიმე წუთში, გომელაური სავარაუდოდ, კრიმინალური გარჩევის დეტალებს ამოწმებს და ხელახალ კომენტარში ის უკვე აღარ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილის სახლთან ორი კაცის დაჭრაში ბრალდებულმა, 23 წლის საბა სახვაძემ საქართველო საზღვარი არალეგალური გზით გადაკვეთა.
"ქვეყანა დაუტოვებია თუ არა, აბა მითხარით თქვენ?! რომ ვიცოდეთ, არ დაუტოვებია და სახლში ზის, მას დავაკავებდით. ოფიციალურად არ გასულა და ქვეყანა დატოვა, არ დატოვა, სადმე გაიპარა, გადაიპარა, გადმოიპარა, ჯერ არ ვიცით. ხდება ყველაფერი. საზღვარზე, როგორც შემოპარვა ხდება, ისე ხდება გადაპარვა. დიდია საზღვარი, 100%-იან გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ, რომ გადაიპარა, გადმოიპარა, დამალულია, სოფელშია თუ საერთოდ, ტყეშია გავარდნილი" - განაცხადა მან.