ოცნება 43%-ს ვერ ლახავს - "ფორმულა" შეტევას "ედისონის" კვლევებს უკავშირებს

30.09.21 17:31
ოცნება 43%-ს ვერ ლახავს - "ფორმულა" შეტევას "ედისონის" კვლევებს უკავშირებს

ტელეკომპანია "ფორმულა" მათ წინააღმდეგ ფორსირებულ შეტევას ტელევიზიის ეთერში "ედისონ რისერჩის" კვლევის შედეგების გასვლასაც უკავშირებს. ზუკა გუმბერიძე აშშ-ს საელჩოს მიმართავს.

მისი შეფასებით, ხელისუფლების მთავარი სამიზნე კრიტიკული მედიაა - ამ კონტექსტით გუმბარიძე  "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და TV პირველის დამფუძნებლის, ავთანდილ წერეთელის, საქმეებს ახსენებს. 

ორშაბათს "ფორმულას" ეთერში გავიდა კომპანია "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას. სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებას დაჩქარებული ტემპით მიეტანა შეტევა "ფორმულასა" და მის დამფუძნებელზე- ამბობს გუმბარიძე.

მისი თქმით, როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, არჩევნების ეგზიტპოლები რომელიმე ქართული არხის ეთერში მაინც გავა: 

ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია კომპანია "ედისონ რისერჩის" წარმომადგენელთან, რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები - დროებითი მმართველი, ან სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის კვლევების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში.

მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, რომ გაატარონ ყველანაირი პრევენციული ზომა იმისათვის, რომ არ მოხდეს ზეწოლა ეგზიტპოლების ჩამტარებელ კომპანიაზე"- თქვა გუმბერიძემ.  

მისი თქმით, ხელისუფლება განიხილავს სცენარს თუ როგორ შეიძლება წავიდეს "ქვეყანა რუსული ტიპის მმართველობისკენ"

გარდა ამ "ქეისისა" ფაქტობრივად ბოლოშია გასული ნიკა გვარამიას "ქეისი". დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა ვატო წერეთლის მამის სასამართლო პროცესები, რაც აჩენს ბუნებრივ ეჭვს, რომ თუ არჩევნებზე ხელისუფლებისთვის არ დადგება სასურველი შედეგი, ისინი განიხილავენ სცენარს იმისა, რომ ერთდროულად მოხდეს სამივე ამ კრიტიკული მედიის მაუწყებლობის შეფერხება ან გაჩერება და ამისთვის ისინი გამოიყენებენ ე.წ. სამართლებრივ ბერკეტებს. სინამდვილეში, საქმე ბუნებრივია გვაქვს იმასთან, რომ ხელისუფლება განიხილავს სცენარს თუ როგორ შეიძლება წავიდეს ეს ქვეყანა რუსული ტიპის მმართველობისკენ, როგორ შეიძლება დაემშვიდობოს იმ დემოკრატიას, რომლის ჩანასახები ჯერ კიდევ არსებობს, - განაცხადა „ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა.

არჩევებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ,,ფორმულას" მფლობელის, დავით კეზერაშვილის, წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ განცხადება დღეს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უწყებას კეზერაშვილის წინააღმდეგ  დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი შეაქვს.  

2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს კეზერაშვილის საქმეზე პირველი გამატყუნებელი განაჩენია. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები