ჩემი და ჩემი კოლეგების პასუხი ქართული ოცნებისადმი არის, რომ თქვენი არ გვეშინია - გიორგი თარგამაძე
ჩვენ თქვენი არ გვეშინია - ასე მიმართა ტელეკომპანია "ფორმულას" სახემ, ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ ხელისუფლებას.
დღევანდელ გამოწვევაზეც ჩემი და ჩემი კოლეგების, პირველ რიგში, ჟურნალისტების პასუხი ქართული ოცნების მთავრობისადმი არის ის, რომ ჩვენ თქვენი არ გვეშინია", - თქვა სპეციალურ ბრიფინგზე თარგამაძემ.
მისი თქმით, "ხელისუფლების პოლიტიკის გეგმის ნაწილია რომ ქვეყანაში აღარ არსებობდეს კრიტიკული სატელევიზიო მედია, სივრცე სადაც ხალხი დაიცავს თავს მმართველი კლანისგან, ძარცვისგან და ჩაგვრისგან".
მთელ ამ პროცესში, ტელეკომპანია ფორმულა, რომელიც ამ დღეებში სულ რაღაც 2 წლის ხდება, ასრულებდა, ასრულებს და შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ამ არხის დაფუძნების დღიდან ჰქონდათ დამფუძნებლებს თუ აქ მომუშავე ჟურნალისტებს, იყო და რჩება ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება და ისეთი გარემოს და სივრცის შექმნა სადაც ჩვენ განსხვავებული შეხედულებების მქონე ქართველები და არაქართველები შევძლებთ საერთო დემოკრატიული ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას"- თქვა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ განცხადება დღეს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უწყებას კეზერაშვილის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი შეაქვს.
2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს კეზერაშვილის საქმეზე პირველი გამატყუნებელი განაჩენია.
უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა.
პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.