"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელსაც პროფესიული მოვალეობის დროს შინჯიკაშვილის მამა თავს დაესხა, საგამოძიებო სამსახურში იმყოფება

14.05.25 11:45
"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელსაც პროფესიული მოვალეობის დროს შინჯიკაშვილის მამა თავს დაესხა, საგამოძიებო სამსახურში იმყოფება

"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელიც ქვემო ქართლის გადამდგარი ვიცე გუბერნატორის მამის მიერ ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფება. 

ნუკრი ქაფიაშვილი კარლო კაციტაძის უწყებას დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას, როგორ დაესხა ექს მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი მას და ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს, როცა ისინი მარტყოფში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. 

ოპერატორს დაზიანებები თავისა და მუხლის არეში აღენიშნება. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დროული, ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატაროს, იმისთვის რომ სწრაფად მოხდეს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის  გამოძიება. ჩვენ არაერთი პრაქტიკა გვაქვს, თუ როგორ იწელება ამა თუ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და არ გვაქვს ის შედეგი,  რაც უნდა გვქონდეს. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი რამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არ განმეორდება. გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ძალადობრივ ქმედებას და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას ადასტურებს. 

თავდასხმის დღეს, ნუკრი ქაფიაშვილი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მას თავის არეში აღმოაჩნდა დაზიანებები, თუმცა ექიმების თქმით, ეს არ იყო მისი კლინიკაში დარჩენის საფუძველი. მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ დაზიანებები აქვს ფეხის არეში და შესაბამისად ჩვენ მის ექსპერტიზაზე გადაყვანას მოვითხოვთ"- აცხადებს ადვოკატი ჯანო ჭკადუა. 

რაც შეეხება თავად მარამ მაკასარაშვილს, "პირველების" კორესპოდენტი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაში რჩევა. ქალ ჟურნალისტს სახის არეში დაბეჟილობაც აღენიშნება.  

ჟურნალისტმა კაციტაძის უწყებას ჩვენება უკვე მისცა. 

ჟურნალისტებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე გახშირებული თავდასხმა გუშინ, გვიან ღამით გიორგი შინჯიკაშვილის სახლის მიმდებარედ გააპროტესტეს პროევროპული აქციების მონაწილეებმა. 

მათ გადამდგარი მაღალჩინოსნის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს საპროტესტო წარწერები დატოვეს. 

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს თავს ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე გუბერნატორის მამა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაესხა. თავდასხმის მომენტში მოძალადემ ქალ ჟურნალისტს სახის არეში ჩაარტყა.

ამასთან, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურა - კამერა და ასევე მარიამ მაკასარაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი გაიტაცა. "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს აპარატურა მოგვიანებით, ადგილზე დაბურულმინებიანი ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაუბრუნეს.