კობახიძე პოლოლიკაშვილს ლექსიკას უწუნებს და მისი კანდიდატურის მოხსნას "მართებულად" მიიჩნევს

15.05.25 11:32
კობახიძე პოლოლიკაშვილს ლექსიკას უწუნებს და მისი კანდიდატურის მოხსნას "მართებულად" მიიჩნევს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის მოხსნასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პრემიერმა პირველი კომენტარი გააკეთა.

მას შემდეგ, რაც ზურაბ პოლოლიკაშვილმა ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილებას "deep ვირთხების გადაწყვეტილება" უწოდა, ირაკლი კობახიძემ პოლოლიკაშვილს ლექსიკა დაუწუნა და სამთავრობო არხის, "ტვ იმედის" ეთერში ამტკიცებდა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერა "მართებული" იყო. 

იქ "დიფ სთეითზე" იყო საუბარი და ამ თემასთან საერთოდ რა შუაშია "დიფ სთეითი", ვერ გავიგე, მაგრამ ზოგადად დასანანია. თან ერთი რამ არის საინტერესო, რომ ის არის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი და როდესაც გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთი ლექსიკით საუბრობს, ეს ძალიან საინტრესოა, კონკრეტულ ტერმინებს აღარ გავიმეორებ, რაც მან გამოიყენა. აღარ მინდა, შევიდე დეტალებში, რა იყო გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ერთგვარი დემარშით იმასთან დაკავშირებით, რომ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში ჩვენი კანდიდატურა. პირველი პრეცედენტია ასეთი, რაც გვითხრეს. გაეროს სისტემაში ორჯერ მეტად არ ხდება ხოლმე ასეთ ხელმძღვანელ პოზიციებზე კანდიდატების არჩევა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ რატომ მესამედ, როცა ამის პრეცედენტი არ ყოფილა და ითვლება, რომ არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული, როდესაც ასეთ პოზიციაზე მესამედ ხდება ერთი და იგივე კანდიდატის წარდგენა. იყო დამატებით სხვა მიზეზებიც, რაშიც არ მინდა, შევიდე. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ მესიჯმა, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა ის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართულმა ოცნებამ" გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გამოიწვია და მხარდაჭერა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს გამოუცხადა. 

თემასთან დაკავშირებით ზურაბ პოლოლიკაშვილმა "ფორმულას" ოფიციალური წერილი გაუგზავნა - "ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს 3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას - მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი".