"როგორც ჩანს, პოლოლიკაშვილმა ვერ შეასრულა "ოცნებისთვის" ის ფუნქცია და ამოცანები, რომელსაც უსახავდნენ" - ხიდაშელი

15.05.25 11:52
"როგორც ჩანს, პოლოლიკაშვილმა ვერ შეასრულა "ოცნებისთვის" ის ფუნქცია და ამოცანები, რომელსაც უსახავდნენ" - ხიდაშელი

"როგორც ჩანს, პოლოლიკაშვილმა ვერ შეასრულა მათთვის ის ფუნქცია და ამოცანები, რომელსაც უსახავდნენ... - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ივანიშვილის რეჟიმის მიერ UNWTO-ს გენერალური მდივნის კანდიდატურის მოხსნას. 

"სამოქალაქო იდეის" დამფუძნებლის თქმით, პოლოლიკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია საერთაშორისო სისტემაში, ამიტომაც ხიდაშელი ვარაუდობს, რომ მასთან "ოცნებას" საგარეო პრობლემებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტიპის მოთხოვნები ჰქონდა.

ხიდაშელისთვის პოლოლიკაშვილის პასუხი იმის დასტურია, რომ მასსა და "ოცნებას" შორის განსაკუთრებული მეგობრობა არ იყო".

როგორც ჩანს, პოლოლიკაშვილმა ვერ შეასრულა მათთვის ის ფუნქცია და ამოცანები, რომელსაც მას უსახავდნენ. საქართველოს მოქალაქეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია საერთაშორისო სისტემაში და შემიძლია წარმოვიდგინო, რომ მის მიმართ უამრავი სხვადასხვა ტიპის მოთხოვნები ჰქონდათ თავიანთი საგარეო პრობლემებიდან გამომდინარე. ეს ჩემი მოსაზრებაა.

მაინც მგონია, რომ ეს, ძირითადად, მოხდა პოლოლიკაშვილის გაწვევის გამო და მერე უკვე ვიღაცისთვის უნდა დაეჭირათ მხარი და კანდიდატი იყო, რომელსაც დაუჭირეს მხარი. არ დაგვავიწყდეს, ეს ის ხალხია, რომელიც მაგალითად, ჩვენ მორალს გვიკითხავს ხოლმე იმაზე, რომ რუსულ სპორტულ გუნდებში რომ ქართველები თამაშობენ, ჩვენ იმათ უნდა ვუგულშემატკივროთ, რადგან თითქმის ქართველები არიან, ოღონდ რუსულ გუნდებში თამაშობენო.

ამასობაში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრესტიჟული და უმნიშვნელოვანესი თანამდებობა დათმეს სრულიად გაუგებარი პოლიტიკური მოსაზრებებით და პოლოლიკაშვილის პირველი პასუხი, რომელიც გავრცელდა, ადასტურეს ჩემს ვერსიას, რომ მათ შორის მაინცდამაინც განსაკუთრებული მეგობრობა არ იყო და ამან გამოიწვია ეს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

"ქართულმა ოცნებამ" გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გამოიწვია და მხარდაჭერა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს გამოუცხადა. 

თემასთან დაკავშირებით ზურაბ პოლოლიკაშვილმა "ფორმულას" ოფიციალური წერილი გაუგზავნა - "ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს 3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას - მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი".