რატომ დაუთმო საქართველომ გაეროში პოსტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს - რისი იმედი აქვს ოლიგარქს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოწვევას დიპლომატი მამუკა ჟღენტი ივანიშვილის რეჟიმსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის შესაძლო გარიგებას უკავშირებს.
მამუკა ჟღენტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა "ქართულმა ოცნებამ" თანამდებობიდან ქართველი კანდიდატი იმიტომ მოხსნა, რომ ივანიშვილის რეჟიმი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გიორგი ბაჩიაშვილის თემით ვაჭრობს.
დიპლომატის განმარტებით, შესაძლოა, "ოცნება" ელოდება, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილის ნომერ პირველ მტერს ემირატებში დააკავებენ და ოფიციალურ თბილისს გადმოსცემენ.
რანაირი ლოგიკური ახსნა ამას არ შეიძლება ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, მისაღები ახსნა, რადგან მესამე ვადით არჩევნებზე საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა და რა თქმა უნდა, არცერთი ქვეყნისთვის არ არის ნორმალური საკუთარი მოქალაქის მხარდაჭერაზე უარის თქმა და სხვა ქვეყნის კანდიდატურის მხარდაჭერა. მე როგორც ვიცი, ბატონი ბაჩიაშვილი, რომელიც ივანიშვილის ნომერ პირველი მტერია, ემირატებში იმყოფება და მას მიაჩნია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას დაავალებს, რომ გაცვალოს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობა ბაჩიაშვილის ექსტრადირებაზე, შედეგი დადგება.
მე ვფიქრობ, რომ ეს გამორიცხულია. ვიმეორებ, ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. მთავარი არის ის, რომ ივანიშვილის ხუშტურებზეა დამოკიდებული საქართველოს რეპუტაცია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოებრიობასთან". - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.
"ქართულ ოცნებასა" და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის შესაძლო გარიგებაზე საუბრობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს ფულის გათეთრება სურდეს და ამაში ემირატების დახმარება სჭირდება.
ყველასთვის ცხადია, რომ ბარტერს აქვს ადგილი. ან რაღაცას შეჰპირდნენ, ან რაღაცაში უცვლიან. კიდევ გავიმეორებ, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს კონკრეტული, მაგრამ გახსოვთ, რაღაც პერიოდის წინ, საუბრობდნენ ემირატებიდან ინვესტიციების შემოტანაზე. მილიარდებზე იყო საუბარი, რომელიც ჯერ-ჯერობით არსად ჩანს. შეიძლება ფულის გათეთრების ამბავი იყოს, რაშიც ემირატების დახმარება სჭირდება კონკრეტულად ივანიშვილს. შეიძლება სხვა ბარტერი იყოს". - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
სავარაუდო გარიგებასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელიაც იზიარებს, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვერ აკონკრეტებს, რასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს ორ ქვეყანას შორის გარიგება.
"ქართული ოცნების" ე.წ. ხელისუფლებამ გაცვალა ქართული, ეროვნული ინტერესი და ქართველის ლობირებას ანაცვალა არაბის ლობირება საერთაშორისო ასპარეზზე, გავლენის პოზიციაზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ე.წ. ხელისუფლება ემსახურება რუსეთს, რუსულ ინტერესებს და შესაბამისად მისთვის მისაღები არ იყო, პოლოლიკაშვილის კანდიდატის განგრძობითად მხარდაჭერა, რადგან პოლოლიკაშვილი ცნობილია საკუთარი ანტირუსული პოზიციებით და რუსეთის დაბლოკვით. სავარაუდოდ, ეს არის გარკვეული გარიგება ემირატებთან, რის წინააღმდეგაც ჩვენ არაფერი გვაქვს, მაგრამ ეროვნული ინტერესი არასდროს უნდა იქნას უკან დაყენებული ვინმეს სანაცვლოდ". - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
"ქართულმა ოცნებამ" გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გამოიწვია და მხარდაჭერა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს გამოუცხადა.
თემასთან დაკავშირებით ზურაბ პოლოლიკაშვილმა "ფორმულას" ოფიციალური წერილი გაუგზავნა - "ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს 3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას - მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი".