კობახიძე ალბანეთშია - რა აქვს სათქმელი ივანიშვილის პრემიერს

16.05.25 11:27
კობახიძე ალბანეთშია - რა აქვს სათქმელი ივანიშვილის პრემიერს

ირაკლი კობახიძე ალბანეთში ჩავიდა. არალეგიტიმური პრემიერი მონაწილეობას ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე მიიღებს. ეს არის ივანიშვილის პრემიერის პირველი გამოჩენა ევროპელ ლიდერებთან სისხლიანი ნოემბრის მოვლენების შემდეგ. 

სამიტზე 47 ქვეყანა მონაწილეობს. ალბანეთის დედაქალაქში იმყოფებიან თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებიც.

სამიტზე, პანელურ დისკუსიაზე ირაკლი კობახიძეს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობაც ექნება, სადაც ის ევროპის უსაფრთხოებაზე ილაპარაკებს. ახლა ყველას აინტერესებს, რა მესიჯები ექნება არალეგიტიმურ პრემიერს და რას ეტყვის დასავლელ პარტნიორებს. 

როგორც წესი, ამგვარ სამიტებს ქვეყნების ლიდერები ორმხრივი შეხვედრებისთის იყენებენ, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, კობახიძეს ამგვარი შეხვედრები ჯერჯერობით დაგეგმილი არ აქვს. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძე ახალს ვერაფერს იტყვის და უწინდებურად თავის მართლების რეჟიმში იქნება.

ირაკლი კობახიძე სადაც არ უნდა წავიდეს, ვისაც არ უნდა დაელაპარაკოს, ვინც არ უნდა ნახოს, ყველას მესიჯი იქნება ერთი: დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, გაათავისუფლოს ტყვეები, რომელიც რეჟიმს ტყვედ ჰყავს აყვანილი. ირაკლი კობახიძე, რა თქმა უნდა, შეეცდება, თქვას, რომ ის ორბანივით წაროადგენს ნამდვილ ევროპას მაშინ, როდესაც ყველა სხვა დამსწრე წარმოადგენს ევროპის საწინააღმდეგო მოძრაობას და რომ ირაკლი კობახიძე ისჯება იმისთვის, რომ ჯერაც არ გათხოვილა მამაკაცზე, ისჯება იმისთვის, რომ ჯერაც არ გაუხსნია ომი, რომლის გახსნასაც არავინ მას არ სთხოვდა და რომ შესაბამისად, მას უნდა მიეცეს საშუალება, რომ განაგრძოს თავისუფლად სუნთქვა, რაც, რა თქმა უნდა, არის რუსეთში დაწერილი მითოლოგია, რომელსაც რობანი, ვუჩიჩი, კობახიძე და მსგავსი ლიდერები იყენებენ, - ამბობს გრიგოლ გეგელია.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ არალეგიტიმურ პრემიერთან ორმხრივ შეხვედრას არავინ გამართავს. მისი თქმით, ევროპელები მოთხოვნა იქნება ერთი: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

ეს არის ორმხრივი მიწვევა ისევე, როგორც შარშან იყო უნგრეთისგან, ახლა ალბანეთისგან, თუმცა, ფაქტია, რომ მაღალი დონის შეხვედრები ამ დრომდე არ შემდგარა ევროპელ ლიდერებს, მათ შორის ევროკავშირის ხელმძღვანელობას და რუსულ ოცნებას შორის, რაც მეტყველებს მათი რეჟიმის არაღიარებაზე. თუ ვინმე შემთხვევით ხელს ჩამოართმევს მათ, მერწმუნეთ, რომ ისეთივე მკაცრ გზავნილებს მოისმენენ, როგორიც გვესმის საჯარო განცხადებებში და მოთხოვნა უქნება ერთადერთი, რაც აერთიანებს ქართველ ხალხს, ეს არის პოლიტპატიმრების გათვაისფლება და ახალი, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, - ამბობს ბოკუჩავა.

"მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი ეკა ბესელია ამბობს, რომ კობახიძეს ადამიანების ძებნა დერეფნებში მოუწევს, რადგან მას არავინ ემეგობრება და არავინ ესალმება.  

დერეფნებში ადამიანების საძებრად წასული ირაკლი კობახიძე წარმოადგენს დღეს იმ დამარცხებულ გუნდს, რომელსაც ცივილიზებული სამყარო არ ესალმება, არ ელაპარაკება, არ ემეგობრება. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელშცი იმყოფება დღეს საქართველო, მაგრამ ეს არის ფაქტი. ასე რომ, მას მოუწევს ისევ დერეფნებში ეძებოს ადამიანები, ვინც მას რაიმეს მაინც ეტყვის და მერე ამაზე ახალ წერილებს ააგებს, - ამბობს ეკა ბესელია. 

როგორ დასრულდება ირაკლი კობახიძის ალბანეთში ვიზიტი, ცნობილი სამიტის დასრულების შემდეგ გახდება.