"მზად ვარ ყველასთან სასაუბროდ" - კობახიძის პირველი კომენტარი ალბანეთში ჩასვლის შემდეგ

16.05.25 12:48
"მზად ვარ ყველასთან სასაუბროდ" - კობახიძის პირველი კომენტარი ალბანეთში ჩასვლის შემდეგ

დე ფაქტო პრემიერი ამბობს, რომ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა სურს, თუმცა ვერ ამბობს, ვისთან მოახერხებს ამას. ამის შესახებ ირაკლი კობახაძემ ალბანეთში ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

არალეგიტიმური პრემიერი ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან საუბარი ქვეყნის გარშემო შექმნილ ვითარებასთან და ევროინტეგრაციის საკითხებზეც ექნება.

მნიშვნელოვანი სამიტია, ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი. გვექნება საშუალება, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოვიდეთ. ასევე, გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ, ეროვნულ ინტერესებს.

მე მზად ვარ ყველასთან სასაუბროდ. ვნახოთ, ვნახოთ, ეს ფორმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არაერთ ლიდერს გავესაუბროთ. ყველაფერთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ ვითარებას, საქართველოს ევროინტეგრაციას. ყველა თემაზე გვექნება საუბარი, - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე ალბანეთშია. არალეგიტიმური პრემიერი მონაწილეობას ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე მიიღებს. ეს არის ივანიშვილის პრემიერის პირველი გამოჩენა ევროპელ ლიდერებთან სისხლიანი ნოემბრის მოვლენების შემდეგ.