"წინააღმდეგობის პლატფორმა" პირობას დებს, რომ ყველა უკანონოდ გამოწერილი ჯარიმა ჩამოიწერება

16.05.25 13:31
"წინააღმდეგობის პლატფორმა" პირობას დებს, რომ ყველა უკანონოდ გამოწერილი ჯარიმა ჩამოიწერება

"წინააღმდეგობის პლატფორმაში" შემავალი პარტიები მოქალაქეებისთვის უკანონოდ გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერის პირობას დებენ. მეხუთე პრეზიდენტის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მოქალაქეებს ავტომატურად გაუნულდებათ ყველა ჯარიმა მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" მიტაცებულ ძალაუფლებას დათმობს და ქვეყნის სათავეში პროევროპული ძალები მოვლენ. გარდა ევროპულ კურსზე დაბრუნებისა, სამსახურებში დაბრუნდებიან უკანონოდ გათავისუფებული საჯარო მოხელეებიც. 

სალომე ზურაბიშვილის ფორმატში არის მისასალმებელი ის, რომ ადამიანები, რომლებიც იდევნებიან პოლიტიკური ნიშნით, ჰკარგავენ თავის სამსახურს და აგრეთვე არალეგიტიმური პარლამეტის მიერ მიღებული დრაკონული კანონებით ეკისრებათ არაპროპორციული ჯარიმები, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ მივაღწევთ მიზანს და შევცვლით ხელისუფლებას, აუცილებლად ამ ადამიანებს უნდა დაუბრუნდეთ ის ჯარიმები, რომლებიც უსამართლოდ და არაკონსტიტუციურად დაეკისრათ მათ, - ამბობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია "პირველებთან" იმ მიმართულებებზე საუბრობს, რომლებზეც "წინააღდემგობის პლატფორმა" მუშაობს. 

ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიმართულება. ეს არის პოლიტიკური მიმართულება, საერთაშორისო მიმართულება, ზრუნვის მიმართულება ანუ პოლიპატიმრების ოჯახებზე, საჯარო მოხელეებზე, აქტივისტებზე, ყველაზე, ვინც ამას მოითხოვს და ეს არის საარჩევნო მიმართულება, ანუ როგორი უნდა იყოს ის ახალი არჩევნები, რომ იყოს ნამდვილად სამართლიანი. ახლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამოცანა, რაც გვაქვს, არის 26 მაისის საერთო ეროვნული სულისკვეთები ჩატარება და ეს პროცესი საკმაოდ კარგად მიდის, - ამბობს ელენე ხოშტარია.