"სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის" - ექსპერტი დგებუაძის ლოყაზე

16.05.25 14:46
"სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის" - ექსპერტი დგებუაძის ლოყაზე

 

 

"სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის" - ამის შესახებ ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე განაცხადა და თქვა, რომ ირაკლი დგებუაძეს დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ ჰქონდა.

ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ არც ტკივილია დაზიანების ობიექტური ნიშანი და ამასაც თავად ვერ შეაფასებდა.

  • ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი მიმდინარეობს, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, პროკურატურის მოწმე, სამედიცინო ექსპერტი გამოიკითხა.

სწორედ გივი ჩხარტიშვილია ის ექსპერტი, ვინც "დაზარალებულ" ირაკლი დგებუაძეს და ასევე მზია ამაღლობელს ექპერტიზა ჩაუტარა. 

"სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, შესაბამისად, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი არის უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, გაიცა შესაბამისი დასკვნა.

იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა სიწითლე? მართალი გითხრათ არ მახსოვს, რომც ყოფილიყო არა მგონია, მიმეთითა დასკვნაში, რადგანაც უშალოდ სიწითლე არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი.

როდესაც ვამოწმებდი ექსპერტიზის დროს, შესამოწმებელი პირი უჩიოდა სუსტ ტკივილს მარჯვენა ყბის მიდამოს არეში. რადგან ტკივილის ცნებ არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი, შესაბამისად ტკივილი არის სუბიექტური ცნება და შესაბამისად, როგორც სამედიცინო ექსპერტი, მე მისი შეფასების კომპეტენცია მე არ გამაჩნია. 

მზია ამაღლობელს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა ყბის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად.

ექსპერტიზის დროს, უშუალოდ შესამოწმებელი პირის გადმოცემით, 2025 წლის 12 იანვარს ღამის საათებში, შეხლა-შემოხლის დროს წააქციეს, ასევე უცნობმა პირმა მხრის არეში მოუჭირა ხელი." - თქვა გივი ჩხარტიშვილმა. 

სხდომათა დარბაზში ისმის ამაღლობელის მხარდამჭერთა შეძახილები - "თავისუფლება მზიას", რომლებიც სასამართლოს შენობასთან არიან შეკრებილები.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, შვედეთის ელჩი, ანნა ლიბერგი და ესტონეთის ელჩი მარდიასლუ კაჰარი ესწრებიან. სასამართლოს დღევანდელ სხდომას ესწრება ევროპარლამენტარი ლენა შილინგიც.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები