კობახიძეს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები ამ ფორუმზე არ ექნება-ოპოზიცია
ირაკლი კობახიძე ალბანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს ესწრება-ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დე ფაქტო პრემიერს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები ამ ფორუმზე არ ექნება.
ისინი მიიჩნევენ, რომ თუ მოხდა და მას ვინმე შეხვდა, მხოლოდ ერთადერთი მიზეზით: “კიდევ ერთხელ, პირადად გადასცენ, რომ არანაირი გაუმჯობესება, საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებში არ იქნება, სანამ ქვეყანაში არ შეწყდება დემოკრატიის გაუქმების მცდელობა, როელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს დაჩქარებული ტემპით ახორციელებს“.
მოუმზადებლად მაღალი დონის შეხვედრები არ იმართება, მაღალი დონის შეხვედრას ყოველთვის უნდა ჰქოდნეს ხელშესახები შედეგი. მე დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძეს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები ამ ფორუმზე არ ექნება, რადგან ჩვენ ვნახეთ, რა რეაქცია აქვს ივანიშვილის რეჟიმს ყველა იმ გზავნილზე, რაც დღეს დასავლეთიდან ისმის, შესაბამისად, არ მგონია, ვინმემ თავი მოიტყუოს, რომ რაიმე პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა შეუძლია კობახიძესთან შეხვედრას, თუ ვინმე მას შეხვდება, შეხვდება ერთადერთი მიზეზით, კიდევ ერთხელ, პირადად გადასცენ, რომ არანაირი გაუმჯობესება, საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებში არ იქნება, სანამ ქვეყანაში არ შეწყდება დემოკრატიის გაუქმების მცდელობა, როელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს დაჩქარებული ტემპით ახორციელებს, -ამბობს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სალომე სამადაშვილი.
მაღალი დონის შეხვედრებს არ ელოდება არც კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია. პოლიტიკოსი ამბობს, რომ “ქართული ოცნება“ გარიყულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, როგორც ხალხი, რომელმაც საქართველოში ხელისუფლება მიითვისა“.
ალბანეთი ევროკავშირის წევრი არ არის, ჯერჯერობით, ალბანეთში სიარული მაინც შეუძლია კობახიძეს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინმე შეხვდება და როგორც თანაბარს, ისე დაელაპარაკება, ეგ ხალხი, “ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, არის გარიყული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, როგორც ხალხი, რომელმაც საქართველოში ხელისუფლება მიითვისა. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გაირიყოს და მარტო ქოცები გაირიყნენ. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები ქვეყანაში, - განაცხადა გვარამიამ.
ევროპის პოლიტიკურ სამიტზე 47 ქვეყანა მონაწილეობს. ალბანეთის დედაქალაქში იმყოფებიან თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებიც.
სამიტზე, პანელურ დისკუსიაზე ირაკლი კობახიძეს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობაც ექნება, სადაც ის ევროპის უსაფრთხოებაზე ილაპარაკებს. ახლა ყველას აინტერესებს, რა მესიჯები ექნება არალეგიტიმურ პრემიერს და რას ეტყვის დასავლელ პარტნიორებს.