მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა-ირაკლი კობახიძე

16.05.25 19:54
მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა-ირაკლი კობახიძე

დე ფაქტო პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ალბანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტზე 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდა.

ამასთან, მისი თქმით, სიტყვით გამოსვლის საშუალებაც მიეცა, სადაც “საქართველოს გადმოსახედიდან ევროპის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა“.

სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ აქ გვაქვს მოსაზრებების გაცვლის საშუალება, ერთმანეთთან საუბრის საშუალება. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და, ასევე, მე მქონდა ოცდაათამდე ლიდერთან გასაუბრების საშუალება.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომლებიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და საქართველოს თანამშრომლობისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან - ყველა ამ თემას შევეხეთ. ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში გვქონდა გამოსვლის საშუალება, სიტყვით გამოვედი სხვადასხვა თემაზე, ვისაუბრე ევროპის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს გადმოსახედიდან, ასევე საუბარი მქონდა უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩვენს შეხედულებებზე და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვით იმას, რომ არის გარკვეული მნიშვნელოვანი უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს,-განაცხადა კობახიძემ.