ვის ჩააბარეს მოსმენების სამსახური - ბექა მამარდაშვილს სკანდალური წარსული
ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ბექა მამარდაშვილს ჩააბარა - საჯაროდ გავრცელებული ცნობებით, წლების წინ, როცა მამარდაშვილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოში მუშაობდა, "ქართული ოცნების" ლიდერებს უსმენდა და საიდუმლო ფაილებს ბიძინა ივანიშვილისთვის ამზადებდა.
საიდუმლო სამსახურის საიდუმლო მაღალჩინოსნის გვარი პირველად სააშკარაოზე სუს-ის უკვე ყოფილმა მოადგილემ გამოიტანა. სოსო გოგაშვილმა 2022 წლის 15 სექტემბერს დაასახელა, იმ ადამიანის ვინაობა, რომელსაც მოსმენების სამსახურიდან VIP პერსონების მოსმენა ჰქონდა დავალებული.
მაშინ საიდუმლო სამსახურის საიდუმლო თანამშრომლების გაშიფვრას დიდი სკანდალი მოჰყვა. კობახიძემ მამარდაშვილთან ნაცნობობა სრულად უარყო.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ლიდერების უკანონო მოსმენების ფაილების გამოჟონვის შემდეგ, ბექა მამარდაშვილი სუსს გარიდეს, თუმცა იმის გამო რომ დიდი ინფორმაციის მატარებელი იყო, ივანიშვილის "ქართუში" დაასაქმეს.
აღსანიშნავია, რომ VIP პერსონების მოსმენაზე პასუხისმგებელი ბექა მამარდაშვილი სუსს მას შემდეგ ტოვებს, რაც ამ უწყებაში შეფად გრიგოლ ლილუაშვილი ინიშნება და უკანონო მიყურადების შედეგად შექმნილი ფაილების მასიური გაჟონვა ხდება. ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში კი მას შემდეგ ბრუნდება, რაც ლილუაშვილი თანამდებობიდან მიდის.
როგორც შაბათის ეთერმა გაარკვია, მოსმენების ძველი შეფი, კობა კობიძე სამსახურიდან ისე გაუშვეს, რომ მიზეზი არ განუმარტავთ.