მზადება არჩევნებისთვის - რა სქემაზე მუშაობს "ქართული ოცნება"
"ქართული ოცნების" რაიონულ ოფისებში რეჟიმმა ადგილობრივი არჩევნებისთვის სამზადისი დაიწყო - ინფორმირებული ადამიანი ოლიგარქის პარტიიდან "შაბათის ეთერს" უყვება, რომ "ოცნებას" ყველაზე მეტად თბილისში ეშინია, ამიტომ, რეგიონებიდან თბილისში ერთგული მხარდამჭერების გადმოწერა და ამომრჩეველთა რიცხვის გაზრდა ხელოვნურად "ოცნებისთვის" გადარჩენის ერთადერთი გზაა.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "ოცნება" თბილისში მისამართებს ეძებს - წყაროს ცნობით, თითო კოორდინაროტორის, მხარდამჭერის, კაპიტნის და პარტიული რაზმის წევრის მისამართებზე მოქალაქეები ისე უნდა გადაანაწილონ, რომ ეს თვალში საცემი არ იყოს.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ოფისის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ოფისი ერთ ერთია, სადაც რეგიონებში რეგისტრირებული ხალხის თბილისში გადმოწერაზე მუშაობენ.
ამასთან, ინფორმირებული ადამიანი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებზე, ისევ კაპიტნების სისტემის ამუშავებას აპირებს, ახლა ამომრჩეველთა მონაცემების შესწავლა მიმდინარეობს.
ცესკოს წევრი ანა კობახიძე ამბობს იმასაც, რომ საბავშვო ბაღების და სკოლის მასწავლებლების რეკრუტირება უკვე დაიწყო - მათ სპეციალურ გადამზადებაზე ატარებენ როგორ უნდა გადაიბირონ ამომრჩეველი.
მზადება არჩევნებისთვის - ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი