"მზია ამაღობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია" - ექსკლუზიური ინტერვიუ ლენა შილინგთან

18.05.25 15:36
"მზია ამაღობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია" - ექსკლუზიური ინტერვიუ ლენა შილინგთან

ავსტრიელი ევროპარლამენტარი, რომელიც საქართველოში დაჭერილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმის მონიტორინგისთვის ჩამოვიდა, "პირველებს" ექსლუზიურ ინტერვიუს აძლევს. ლენა შილინგი  ღიად ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მედიის გაჩუმებას ცდილობს და ამ ანტიდემოკრატიული ნაბიჯით ავტოკრატიას აძლიერებს.

პოლიტიკოსი მწვანეების პარტიიდან საქართველოს რუსული გავლენის ქვეშ მოქცეულ ქვეყნად მოიხსენებს, სადაც უდანაშაულო ადამიანებს ციხეში ცრუ მოწმეების დახმარებით უშვებენ.

ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანი იყო, რომ მზიასთვის მხარი დამეჭირა და მე თვითონ მენახა, თუ რა ხდება სასამართლოში. ერთი რამ არის ცხადი, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე, რომელიც ასე შეიძლება, წარმართულიყო ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში. მაგალითად, ავსტრიაში ეს ვერადროს გახდებოდა სისხლის სამართლის საქმე, რის გამოც ჟურნალისტი შეიძლება, ჩასვა ციხეში და გყავდეს 4 თვე წინასწარ პატიმრობაში. ცალსახაა, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებულია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, თუ რა კითხვებს სვამდა პროკურორი, როცა მიმდინარეობდა ექსპერტის გამოკითხვა. მზია რომ გალიაში ჰყავთ ჩასმული, ავსტრიაში, ჩვენთან, ასე არ იქნებოდა. გარდა ამისა, როდესაც ცდილობ, რომ პროცესი შეამოკლო და რაც შეიძლება სწრადად დაასრულო, მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად არ უდგები აღნიშნულ საკითხს. პარალელები, აშკარად, ცალსახაა: ეს არის ყველგან, სადაც ავტოკრატიისკენ მიექანება ქვეყანა, ყველგან ასე ხდება, ამ მეთოდებით ცდილობენ მეიის გაჩუმებას. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში, როგორც სხვაგანაც, ეს არის რუსეთის გავლენა, - ამბობს შილინგი. 

ლენა შილინგი ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნებისთანავე კოლეგებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე მოუყვება. მისი თქმით, ევროპარლამენტი ახლა მუშაობს იმ მეთოდებზე, რითაც "ოცნების" ხელისუფლებას ეტყვიან, რომ ისინი ხელისუფლებაში არაკანონიერად არიან. 

მე, როგორც ერთ ევროპარლამენტარს, შემიძლია, დავბრუნდე ევროპარლამენტში და სხვა ევროპარლამენტარების ყურადღება მივიქციო, რომ იცოდნენ, რა ბრძოლა მიმდინარეობს აქ, რა ვითარებაა აქ. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, არ ვაღიარებთ მათ ლეგიტიმაციას და ვამბობთ, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და რომ ამ არჩევნებამდე საბოლოოდ, უნდა მივიდეთ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი განიხილავს სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის, სანქციებსაც, თუ როგორ შეიძლება, იმოქმედონ და ამ მთავრობას უთხრან, რომ ისინი არ არიან კანონიერად იქ, სადაც არიან, რომ ის გზა, რასაც ისინი ადგანან, არის მიუღებელი, - ამბობს ევროპარლამენტარი.