საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის პროცესი იწყება

19.05.25 11:14
საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის პროცესი იწყება

საქალაქო სასამართლოში დღეს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის პროცესებია ჩანიშნული. საქმე წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადებას ეხება.

ამ წუთებშიც ბადრი ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა იწყება, სადაც მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს. აღსანიშნავია, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს შეფარდებული გირაო გადახდილი აქვთ, ამიტომ აღკვეთის ღონისძიება აღარ გადაისინჯება.

ადვოკატები გეგმავენ, დღევანდელ პროცესზე დააყენონ შუამდგომლობა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვონ. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ საქმე აბსურდულია.

ამ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ მუხლი, რომლითაც წაყენებული აქვთ ბრაი მამუკასაც და ბადრისაც, ეს არის კომისიის კანონიერი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. დებულებაშიც, პარლამენტის რეგლამენტში ძალიან კონკრეტულად არის განსაზღვრული, რომ კომისია გადაწყვეტილებებს იღებს საოქმო ფორმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი. ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს ბუნებაში, არსებობს მხოლოდ ქალბატონ თეა წულუკიანის წერილი, რომელიც ვერ ჩაითვლება კომისიის გადაწყვეტილებად. ამიტომ მარტივია საქმე, დიდი მტკიცეულებები მაგას არ სჭირდება: კომისიის გადაწყვეტილება კომისიაზე დაბარების თაობაზე იმ ფორმით, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რომლის გამოც მიმდინარეობს. ეს იქნება ჩვენი პოზიცია დღევანდელ სასამართლო სხდომაზეც და თუ ის გაგრძელდა, მომდევნო სასამართლო განხილვების დროსაც, - ამბობს ადვოკატი ზვიად კორძაძე.

რაც შეეხება მამუკა ხაზარძეს, მისი პროცესი საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.

ოპოზიციონერი ლიდერების მხარდასაჭერად სასამართლოში დღეს პოლიტიკოსებიც მივიდნენ.