მოსამართლემ ადვოკატების ორი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - რა ხდება ბადრი ჯაფარიძის პროცესზე
ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე ადვოკატმა თეა წულუკიანის და მისი კომისიის გამოკითხვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. მოსამართლე ამტკიცებდა, რომ წულუკიანის გამოკითხვის აუცილებლობა არ არსებობდა და ინტერესების დამცველებმა ეს მოთხოვნა ვერ დაასაბუთეს.
ადვოკატებისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, პროცესზე მომჩივანი მხარე არ გამოიკითხოს.
37 წელს გამიგია, ე.წ. "ტროიკების" ინსტიტუტი, სადაც ყველაფრის გარეშე ასამართლებდნენ ადამიანებს. პირდაპირ ცდილობს ახლა პროკუტურა, გადმოიტანოს ეს, გადმოაკოპიროს, ვინაიდან საქმეზე მთავარი მოწმეები ვინც უნდა იყვნენ, ვინც ადამიანს ედავებიან, ვისა გამოც მათ ბრალი წარუდგინეს, ჰოი, საოცრებავ, პროკურატურა გვეუბნება, რომ თურმე ეს ადამიანების მოწმის სახით არ უნდა იყვნენ დაკითხული. ასეთი რამ პრაქტიკაში არ მახსოვს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თუ სასამართლოს ოდნავ მაინც აქვს, იოტისოდენა შერჩენილი, ამ შემთხვევაში, და სურვილი სამართლიანობის, წარმოუდგენელია, რომ ეს ადამიანები მოწმის სახით არ გამოიკითხონ, - თქვა პროცესზე ლევან სამუშიამ.
ამის შემდეგ დაცვის მხარემ უკვე მოსამართლის აცილების შუამდგომლობას დააყენა, თუმცა ირაკლი შვანგირაძემ არ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბადრი ჯაფარიძემ. ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ე.წ. კომისია კონსტიტუციის დარღვევით არის შექმნილი. მისი თქმით, აუცილებელია, რომ საგამოძიებო კომისიაში წევრების 50% ოპოზიციურად განწყობილები უნდა იყვნენ, თუმცა ასეთი რამ არ ხდება.
სამი წევრი თვითონ დანიშნა "ოცნებამ" თავისი ლეგიონიდან. ეს იგივეა, რომ პროკურორმა დანიშნოს მეორე პროკურორი ადვოკატად და თქვას, რომ ადვოკატი იცავდა ბრალდებულის უფლებებსო და ამავდროულად, ორი ადგილი, რომელიც გამოყვეს სხვა პარტიისთვის, მან თქვა, რომ ეს ადამიანი არის არალეგიტიმური, გაყალბებული და არ მიიღებს მონაწილეობას მუშაობაში. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნებაა" წარმოდგენილი საგამოძებო კომისიაში და ამიტომ საგამოძებო კომისია გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ სხდომაზე.
ამ წუთებში დაცვის მხარე მესამე შუამდგომლობას აყენებს. საქმე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ეხება. ადვოკატები აცხადებენ, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წულუკიანის კომისიაზე არმისვლას ედავება.