“ქვეყანას რაც აწყობს, იმას აკეთებს“-“ოცნების“ დეპუტატების პასუხი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაზე
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც ძალოვანების ჩადენილი დანაშაულებების გამოსაძიებლად შეიქმნა, აუქმებენ და პროკურატურას უერთებენ.
“ოცნებაში“ ამბობენ, რომ “ქვეყანას რაც აწყობს, იმას აკეთებს და პროკურატურა გამოიძიებს აბსოლუტურად ყველაფერს, ამისთვის კი სხვა რგოლი საჭირო არაა.“
არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი, ბეჟან წაქაძე ამტკიცებს, რომ პროკურატურა უფრო პროფესიონალურად გააკეთებს ყველაფერს.
რაც შეეხება ჟურნალისტების და აქციის მონაწილეების ცემის გამოუძიებელ საქმეებს, რა დროსაც ადამიანებმა მძიმე დაზიანებები და ტვინის შერყვა მიიღეს, წაქაძე აცხადებს, რომ “დაემორჩილნენ პოლიციას და აღარ მიიღებენ ტვინის შერყევას.“
როდესაც რამეს აშვებ, არ ემორჩილები და ხელს აღმართავ პოლიციელის წინააღმდეგ, შეიძლება ამ დროს გამოყენებული იყოს ცოტა ზომები, რომელიც შესაძლოა, არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ რა ვქნათ, ეს ქვეყანაა და ქვეყანას დალაგება სჭირდება. დაემორჩილნენ პოლიციას და აღარ მიიღებენ ტვინის შერყევას. პროკურატურა გამოიძიებს აბსოლუტურად ყველაფერს და არ არის საჭირო სხვა რგოლი. პროკურატურად უფრო პროფესიონალურად გააკეთებს, მე ვფიქრობ,- ამბობს წაქაძე.
ამავე აზრზეა “ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, გია ვოლსკი და ამბობს, რომ “პროკურატურას საკმარისი დამოუკიდებლობა გააჩნია იმისთვის, რომ ის საქმიანობა აწარმოოს, რაც კონსტიტუციით აქვს დავალებული.“
დამოუკიდებელი სტრუქტურა არის პროკურატურა. მას საკმარისი დამოუკიდებლობა გააჩნია იმისთვის, რომ ის საქმიანობა აწარმოოს, რაც კონსტიტუციით აქვს დავალებული. ამათთან დაკავშირებით, არა მგონია, ოდესმე რაიმე შეკითხვა წარმოიშვას. ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, უნდა გადავხედოთ იმ ვალდებულებების უშველებელ სიას, რომელსაც ჩვენ პირნათლად ვასრულებთ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მთავარი არის საქმე, შედეგი ,- აცხადებს ვოლსკი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას უერთდება. სხვა დეტალებზე, ჯერჯერობით, უწყებაში არ საუბრობენ, თუმცა, ამბობენ, რომ პარლამენტში ამ კუთხით საკანონმდებლო ინიციატივა შევა.
2022 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატს არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. უწყება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა.