“საშინელი უკუსვლაა დემოკრატიის გზაზე“-ბესელია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაზე

19.05.25 18:14
“საშინელი უკუსვლაა დემოკრატიის გზაზე“-ბესელია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაზე

საშინელი უკუსვლაა დემოკრატიის გზაზე,-ასე აფასებს  “მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი, ეკა ბესელია სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმებას და პროკურატურის დაქვემდებარებაში გადასვლას.

ბესელია მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმის, რომ კაციტაძის უწყება “გახდა ფორმალობა, რაღაც დონეზე მაინც რომ არსებობს, ესეც ვერ აიტანეს და ისევ დააბრუნეს ცუდ წარსულში.“

საშინელი უკუსვლაა დემოკრატიის გზაზე. 2013 წლიდან ვიყავი ინიციტორი, რომ ასეთი სამსახური იმიტომ შექმნილიყო, ის პროკურატურისგან დამოიკუდებელი ყოფილიყო და როდესაც არცერთი უწყება არ გამოიძიებდა, მაგალითად პოლიციელების მიერ ჩადენილ რაიმე უკანონო ქმედებას, ყოფილიყო ცალკე სამსახური, რომელსაც ექნებოდა ეს ბერკეტი. როგორც ჩანს, მაშინ დაფრთხა უკვე, სისტემამ როდესაც დაიწყო ეს უკუსვლა, ეს სამსახურიც გახდა დღეს ფორმალობა, ფორმალობა რომაა და რაღაც დონეზე მაინც რომ არსებობს, ესეც ვერ აიტანეს და ისევ დააბრუნეს ცუდ წარსულში. ისევ გადაწყვიტეს გააქრონ და შეუერთონ საერთო სისტემას“- ამბობს ეკა ბესელია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას უერთდება. სხვა დეტალებზე, ჯერჯერობით, უწყებაში არ საუბრობენ, თუმცა, ამბობენ, რომ პარლამენტში ამ კუთხით საკანონმდებლო ინიციატივა შევა.

2022 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატს არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. უწყება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა.