მამუკა ხაზარაძის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა
"ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. პროცესი 27 მაისს გაიმართება.
სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლემ ლევან გელოვანმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც დასაკითხ პირთა სიაში თეა წულუკიანისა და მისი კომისიის წევრების დამატებას გულისხმობდა.
სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა, გელოვანმა თავი არ აიცილა.
ამასთან, მოსამართლემ საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩევნებთან დაკავშირებითაა დაწერილი.
სასამართლოს მიმართა თავად მამუკა ხაზარაძემაც. ოპოზიციონერმა მოსამართლეს ჰკითხა, თუ რა პრივილეგიებით სარგებლობენ კომისიის წევრები, რომ სასამართლოში მათ არ იბარებენ.
რატომ არის პრობლემა მეორე მხარის დაბარება, ისევე როგორც მე ვარ დაბარებული. რა შეღავათი აქვთ იმ ადამიანებს კანონთან მიმართებაში, რომ წულუკიანს, სუბარს და სხვებს ვერ იბარებთ? რა პრივილეგია აქვთ? მეც არჩეული დეპუტატი ვარ, ლევან სამუშიაც, მაგრამ ჩვენ დავტოვეთ პარლამენტი, რადგან "ქართულმა ოცნებამ" მოიპარა ხმები.
თუ მე მიბარებთ და ბრალი უნდა წამიყენოთ, რა უპირატესობით სარგებლობს წულუკიანი, სუბარი და სხვები. თუ ცალ კარში თამაშია, გვითხარით, პრობლემა არ არის. აქედან ვიღაცამ ნათელი წერტილი ხომ უნდა გაიტანოს, რომ სადღაც შეჯიბრობითობის, თანასწორობის პრინციპი არის.
თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას იღებთ, ნიშნავს, რომ თქვენ გავლენის ქვეშ ხართ, გეშინიათ მმართველი პარტიის წამყვანი სახეები მოიყვანოთ აქ, რადგან ამის გამო საყვედურს მიიღებთ, ან სხვა რაღაცას. რითი განსხვავდება კანონთან წულუკიანი და ხაზარაძე?",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პროცესზე შეკამათება იყო მოსამართლე ლევან გელოვანსა და ადვოკატ ლევან სამუშიას შორის.
ზრდილობას მოუხმეთ, ოჯახის დღე იყო გუშინ თუ გუშინწინ და წესიერად მოიქეცით - მიმართა სამუშიას მისამართლემ.
- რა გვარი ბრძანდებით?
- სამუშია,
- მე გელოვანი ვარ და წესიერად მოიქეცით. [...] სამუშია რომ ხართ და ხმას უწევთ... რომ ვერ ხვდები, მიხვდი!" - თქვა მან.
სამუშია პროცესზე განმარტავდა, რომ როდესაც კომისიაზე ამა თუ იმ პირის დაბარება ხდება, უნდა არსებობდეს ოქმი სხდომის თავმჯდომარის და მდივნის ხელმოწერით, ხოლო საქმეში მსგავსი დოკუმენტი და კენჭისყრის შედეგები არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო ასამართლებენ.