კობახიძე: ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „დიფ სთეითის“ ქვედანაყოფია
ირაკლი კობახიძე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს „დიფ სთეითის“ ქვედანაყოფს უწოდებს და ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს უწყება "არ არსებობს".
- ირაკლი კობახიძის იერიში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ "ოცნების" ქმედებები მომიტინგეების წინააღმდეგ ყველა წითელი ხაზის გადაკვეთა იყო.
„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას თავისი სუვერენიტეტი, რომ არავითარი დამოუკიდებელი ფასი არ აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარ განცხადებას. ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, უცხოური აგენტურის მორიგი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ლიეტუვის ხელისუფლება ვერ შეარყევს ტრადიციულ მეგობრობას ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის“, - განაცხადა პრემიერმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა კახა კალაძემაც. თბილისის მერი ამბობს, რომ კესტუტის ბუდრისის "შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას არავინ ეკითხება".
ვინ ეკითხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და მსჯელობაში შემოვიდეს, თუ რა კანონს მიიღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი! პირველ რიგში, ეს დამოკიდებულებაა შესაცვლელი.
ყველამ უნდა გაითავისოს, რომ საქართველო არ არის რომელიღაცა ქვეყნის უკანა ეზო. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიონ. ყველამ თავის სახელმწიფოს და თავიანთ ქვეყნებს მიხედოს“, - განაცხადა კალაძემ.