"ჩვეულებრივი რუსული კანონია" - ნინო ზურიაშვილი ე.წ. აგენტების კანონზე

21.05.25 12:22
"ჩვეულებრივი რუსული კანონია" - ნინო ზურიაშვილი ე.წ. აგენტების კანონზე

რაჟდენ კუპრაშვილი დახურულ კარს მიღმა არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. საქმე ე.წ. აგენტების კანონის პრეზენტაციას ეხება, რომელიც, რეჟიმის მტკიცებით, ამერიკული ფარას ანალოგია.

შეხვედრაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები არ იმყოფებიან, რადგან მათ კუპრაშვილს ბოიკოტი გაოუცხადეს. დახურულ კარს მიღმა კუპრაშვილის მოსასმენად იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

პრეზენტაციას ესწრებიან სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტები. შეხვედრამდე ნინო ზურიაშვილმა რაჟდენ კუპრაშვილს დაუსვა კითხვა, ვის შეეხება აღნიშნული კანონი და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს მოსთხოვა, კითხვაზე პასუხი წერილობით გასცეს.

პასუხად რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტს მხოლოდ ის უთხრა, რომ პასუხს კანონით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებდა. 

ნინო ზურიაშვილი ამბობს, რომ მისთვის კითხვაზე პასუხის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან რეჟიმი ყველას, ვინც მის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი, ციხეში გაშვებას და ამ გზით გაჩუმებას გეგმავს. ზურიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ე.წ. აგენტების კანონი ფარას ანალგი არაა, რადგან ამ შემთხვევაში, ის დამოუკიდებელი მედიის მისამართით არ უნდა მოქმედებდეს. 

ამ კანონს აქვს სისხლის სამართლებრივი დევნის შესაძლებლობა და თუ რაღაც არასწორად გავიგე, შეიძლება, აღმოვჩნდეთ საპატიმროში. მითუმეტეს, მოწყურებულია ეს ხელისუფლება, რომ ათრიოს მთელი არასამთავრობო სექტორი და ყველა, ვინც კი კრიტიკულ აზრს გამოხატავს, ამიტომ მინდოდა, რომ ცოტა მეტი ჩემთვის მცოდნოდა. ამ კითხვებზე პასუხი არ მივიღე და თითქოს, ტელეფონზე როცა ვურეკავდი, ასე მითხრეს, რომ „იცით, რა, პრეზენტაციაში იქნება ყველა პასუხი“ და აბა, ვნახოთ, თუ იქნება პრეზენტაციაში. მე რაჟდენს მაინც მოვთხოვე, რომ წერილობითი პასუხი გამოაგზავნოს. მე დეტალები მაინტერესებს, თვითონ ხელისუფლება როგორ განმარტავს და რამდენად ეს კანონი მართლა ფარაა. მაგაზე ისედაც ვიცი, რომ არ არის და არის ჩვეულებრივი, რიგითი რუსული კანონი. ყოველ შემთხვევაში, იქიდან ერთი ფრაზა აიღეს და მარტო იმას ატრიალებენ და ფარა, სინამდვილეში, ის არ არის. ეს თუ ფარაა, ჩვენ არ გვეხება ეს ფარა, იმიტომ, რომ იქ წერია, რომ ორ პირობას უნდა ვაკმაყოფილებდე: ერთი არის, რომ უნდა გვაფინანსებდეს, მეორე პირობაა, რომ უნდა გმართავდეს, უნდა მის ინტერესებში მოქმედებდე და ამ მეორე პირობას ჩვენ არ ვაკმაყოფილებთ, მაგრამ მაინც გვახებენ, - ამბობს ნინო ზურიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ე.წ. აგენტების კანონის ამოქმედებას 10 დღეში გეგმავს.