ე.წ. რიყის დოქებს ანგრევენ - რა თქვეს კალაძემ და კობახიძემ

21.05.25 12:30
ე.წ. რიყის დოქებს ანგრევენ - რა თქვეს კალაძემ და კობახიძემ

თბილისის მერია ე.წ. რიყის დოქების დანგრევას გეგმავს - როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, უნდა მოხდეს შენობის დემონტაჟი და მის ადგილზე, იგივე მოცულობის ახალი პროექტი უნდა გაკეთდეს.

კალაძე ამბობს, რომ ტერიტორიაზე, შეიძლება, სასტუმროც აშენდეს.

„არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე და შესაბამისად, საჭიროა კარგი პროექტის განვითარება, რომელიც ურბანულადაც ლამაზად ჩაჯდება აღნიშნულ არეალში და იქნება ფუნქციონალური. მოხდება მისი დემონტაჟი და იგივე მოცულობის პროექტი განხორციელდება, შეიძლება იყოს სხვა ფორმით. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ახალი ტერიტორია უნდა გამოიყოს და იქ უნდა აშენდეს ახალი შენობა?! აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, სადაც იდგა შენობა-ნაგებობა, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს... შეიძლება, თუნდაც, სასტუმროც. ვნახავთ, გავივლით,“ - განაცხადა კალაძემ.

რიყის დანგრევა რომ იგეგმება ამაზე საუბარია ირაკლი კობახიძის განკარგულებაშიც.

  • პირობების მიხედვით, „რიყე დომმა“, რომელმაც „რიყის დოქები“ დავით ხიდაშელის კომპანიისგან მიმდინარე წლის მაისში იყიდა, 2030 წლის მაისამდე უნდა უზრუნველყოს ადგილზე უძრავი ქონების განვითარება, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას. ინვესტიციის მინიმალურ ოდენობად გათვალისწინებულია 44 მილიონი ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის განკარგულებაში საუბარია სასტუმროზე, „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს თქვეს, რომ რა აშენდება „რიყის დოქების“ ადგილას, მოლაპარაკებების პროცესში დაზუსტდება.

„მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე: ხომ არ იგეგმება მშვიდობის ხიდთან დაკავშირებითაც იგივე, კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება.

„არა, არავითარ შემთხვევაში! აქ საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილზე“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის აპრილის თვეში “რიყის დოქები“ კვლავ გაიყიდა - ობიექტი, რომელიც 2022 წლის 24 მარტს ბიძინა ივანიშვილის პარტნიორმა, დავით ხიდაშელმა 10,020,000 ლარად იყიდა, ამჯერად, შპს ,,რიყე დომ” შეიძინა. 

ირაკლი აბესაძის თქმით, შპს "რიყე დომ"-ის დირექტორი, მიხეილ ტყეშელაშვილი "ქართული ოცნების" ე.წ. დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის ბიზნესწილების მმართველია.

აბესაძეს აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, "რიყის დოქების" რეალური მყიდველი სწორედ გიორგი ბარვენაშვილი იყოს.

"რიყის დოქების" გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თავას დავით ხიდაშელმაც. 

როგორც ხიდაშელის განცხადებაშია აღნიშნული, "სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის, არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო" "რიყის დოქებში" დაგეგმილი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.