გივი თარგამაძის საქმე არსებითად განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა

21.05.25 12:52
გივი თარგამაძის საქმე არსებითად განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა

წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პოლიტიკოს გივი თარგამაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე სასამართლოს არსებითად განხილვისთვის გადაეცა, რითაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარე სისხლის სამართლის საქმის საერთოდ შეწყვეტას ითხოვდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და სამართლებრივი თვალსაზრისითაც აბსურდია.

„გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ეს არის სამართლებრივი თვალსაზრისითაც აბსურდი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ზუსტად იგივე შინაარსის ნორმას ითვალისწინებს, რითაც სისხლის სამართლის საქმე აწარმოეს გივი თარგამაძის წინააღმდეგ. აქ არ არის არავითარი წინააღმდეგობა, იდენტური მუხლებია. შესაბამისად, უფრო მსუბუქი ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული, რომც დავუშვათ, რომ ეს კომისია ლეგიტიმურია. ამის საწინააღმდეგოდ ერთადერთი არგუმენტი, რაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ და სასამართლომ იყო ის, რომ თვითონ კომისიამ ჩათვალა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია. კომისიას ვინ მისცა კონკრეტული ქმედების კრიმინალიზაციის უფლება? კომისიას ვინ მისცა კონკრეტული ქმედების სისხლის სამართლებრივი შეფასების უფლება?

ამის უფლებამოსილება ამ ქვეყანაში კანონის საფუძველზე აქვს პროკურატურას და სასამართლოს. კანონი კი ამბობს, რომ თუ ორი ანალოგიური შინაარსის ნორმაა მოცემული, რომელიც უფრო მსუბუქია, ის უნდა იქნეს გამოყენებული. წინააღმდეგობრიობა აქ არ გვქონდა.

მეორე საკითხი - საიდან ჩანს, რომ წულუკიანის წერილი, ეს არის კომისიის მოთხოვნა? ეს შეიძლება ჩანდეს ერთადერთი დოკუმენტიდან - კომისიის წევრთა მიერ შემდგარი კენჭისყრით და ამ კენჭისყრაზე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება გივი თარგამაძის დაბარების თაობაზე, საქმეში კი ასეთი დოკუმენტი არ არის“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით კი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დევნის შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

  • თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.   
  • ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.