სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა, რომ "ოცნება" ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებს რეპრესიული მიზნებისთვის იყენებს - სანიკიძე
სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა, რომ "ოცნება" ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებს რეპრესიული მიზნებისთვის იყენებს, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან სანიკიძე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ლექსო მაჭავარიანის მსგავს სარჩელებს მიიღებს წარმოებაში, კიდევ უამრავი სამართალდარღვევა გამოააშკარავდება.
"ქართული ოცნების" რეჟიმი, ისევე, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის კოდექსს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული მიზნებისთვის. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, მაგრამ მე წარმოდგენაც არ მინდა, როდესაც უახლოესი თვეების განმავლობაში რეპრესირებული ადამიანების სარჩელები მიიღება წარმოებაში და დადგება შესაბამისი გადაწყვეტილებები, მიჯრით რამდენი უფლების დარღვევა დადგინდება, - ამბობს ლევან სანიკიძე
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Matchavariani v. Georgia გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევა დაადგინა.
მაჭავარიანის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავდა.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია საჩივარი მე-10 და მე-11 მუხლების ნაწილში, რომლებიც გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას გულისხმობს.