რევანშისტულად შეპყრობილი ,,ენმ" და უსუსური „ოცნება“ - გახარიას გუნდი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
რევანშისტულად შეპყრობილი „ნაციონალური მოძრაობა“ და უსუსური და შეშინებული „ოცნება“, - პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილის, შეფასებით, მხარეებს ხალხი და ქვეყანა არ აინტერესებთ:
ორივე პოლიტიკური გაერთიანება ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს. „ოცნებას“ არ აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების თავი. დღეს ორივე ძალა ერთმანეთს კვებავს და მათი ინტერესია ქვეყნის წარსულში დაბრუნება, დაპირისპირება და ქაოსი. ხვალ აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ არჩევანი საქართველოსთვის“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილმა ხელისუფლების მხრიდან მათზე განხორციელებულ ზეწოლისა და დევნის ფაქტებზე ისაუბრა.
ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით სისტემური დევნის, მუქარის, ზეწოლისა და ცილისწამების წინასწარ დაგეგმილი კამპანიის პირობებში და სამთავრობო მედიასაშუალებებზე ყოველგვარი წვდომის გარეშე. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება დაიწყო, რამაც მოგვიანებით უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. ძალოვანი უწყებების მეშვეობით, ეს ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მხარდამჭერებს და ჩვენი პარტიის წევრებს ემუქრებოდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურებით, სოციალური დახმარების შეჩერებით და ბიზნესზე ზეწოლით. "ოცნება" არ მორიდებია ჩვენი მხარდამჭერისთვის, აკაკი ბართაიასთვის იარაღის ჩადებას და სისტემურმა დევნამ, რომელსაც „ოცნება“ ახორციელებდა, ჩვენ მიგვიყვანა ცაგერში, სადაც ჩვენი კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის მანქანა დაცხრილეს. დევნა და ზეწოლა არ ყოფილა ერთეულ შემთხვევებში, ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი"- აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ზექოლისა და დაშინების 150-მდე ფაქტი მიაწოდეს პროკურატურას.
ნება იბოძეთ და თითოეული ეს ფაქტი სისტემურად გამოიძიეთ და გაარკვიეთ, დაზარალებულთა დუმილის უკან რა დგას. საზოგადოებას ასევე შევახსენებ, რომ პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია პარტიის ლიდერის მიმართ უმძიმეს ბრალდებაზე, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაზე ვსაუბრობთ. პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია ნარკოტიკებთან დაკავშირებულ მთელ რიგ უსაფუძვლო ბრალდებებზე“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.