კობახიძის უიმედობა - ტრამპისგან წერილი არ ჩანს
უპასუხო წერილების ავტორი ირაკლი კობახიძე ტრამპისგან იგნორს შეეგუა - ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ მიხვდა, რომ თეთრი სახლიდან პასუხი არ იქნება. უიმედო განწყობას ვეღარც მალავს, თუმცა თავს იმშვიდებს და გვეუბნება, რომ მისთვის "დუმილიც პასუხია". კობახიძე ღია წერილში შტატების პრეზიდენტს წერდა, რომ ურთიერთობის გადატვირთვა სურდა - დღეს ვერ გაბედა ეთქვა, რომ ასეთი შინაარსის გზავნილზე პასუხად დუმილი თანხმობის ნიშანია.
ფაქტია, რომ "ოცნებას" ურთიერთობები შტატების ახალ ადმინისტრაციასთანაც არ გამოსდის. ოღონდ კობახიძე ამ ფაქტს ისე წარმოაჩენს, თითქოს პასუხისმგებლობა ვაშინგტონს ეკისრება. ამბობს, რომ არ იცის, რა გააკეთოს კონტაქტების აღსადგენად, ვერ გაუგია, რატომ ასანქცირებენ, აკრიტიკებენ ან არ ელაპარაკებიან "ქართულ ოცნებას". თუ მას დავუჯერებთ, ეს კითხვები მან პოლიტიკურ სამიტზეც დასვა და პასუხები ვერც იქ მიიღო.