თავდასხმა გერმანიის ელჩზე ბათუმში - სალომე ზურაბიშვილი პეტერ ფიშერს სოლიდარობას უცხადებს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გერმანიის ელჩს შეხვდა - სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, პეტერ ფიშერთან აუდიენციის დროს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე გაამახვილა ყურადღება და როგორც საკუთარი, ასევე "წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით, სოლიდარობა გამოხატა.
"ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის" - განაცხადა მე-5 პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მინდა გამოვეხმაურო ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რომელიც ეხებოდა გერმანიის ელჩს და მის მეუღლეს, რომელთაც მიაყენეს შეურაცხყოფა. მიმაჩნია, რომ ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. ეს არის ქვეყანა, რომელმაც მიიღო გერმანიისგან დახმარება 30 წლის მანძილზე, ყველა მიმართულებით. თუნდაც იმ მიმართულებით, რომ დღეს ვინც არის ამ ქვეყნის მმართველობაში, თითქმის ყველამ გაიარა გერმანული უნივერსიტეტი და იქ მიიღეს განათლება. ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და რომლის როლიც იყო გადამწყვეტი, როდესაც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში შესასვლელად. ჩვენი ინტეგრაციის პროცესი გერმანიის გარეშე არ არსებობს. მე და წინააღმდეგობის პლატფორმა ჩვენ სოლიდარობას და მხარდაჭერას გამოვხატავთ ბატონი ელჩისა და მისი მეუღლისადმი. ჩვენ გვყავს მეგობრები ევროპაში, ეს მეგობრები გვეხმარებიან და მე ვიცი, რომ საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს და აფასებს მათ. თავადაც მითხრა ელჩმა, რომ იმ დროს, როდესაც ვიღაც მათ ლანძღავდა, ადგილზე ბევრი უბრალო ადამიანი იყო, რომლებმაც ხმა ამოიღეს და თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს ელჩის და მისი მეუღლის მიმართ". - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, 18 მაისს, ბათუმში, მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩს თავს დაესხა. გერმანიის საელჩო ადასტურებს, რომ ქოჩიაშვილმა ელჩ პეტერ ფიშერს აგინა.
„საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა“, – აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
პროპაგანდისტულმა არხმა POSTV-მ გაავრცელა ვალერი ქოჩიაშვილის ვიდეო, სადაც ის რესტორანში გინების ფაქტს ადასტურებს.