ანგარიშსწორება ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით - მოსამართლემ 16 წლის ბრალდებული ციხეში გაუშვა, საქმეში მონაწილე სხვა მოსწავლეები მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან

21.05.25 20:37
ანგარიშსწორება ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით - მოსამართლემ 16 წლის ბრალდებული ციხეში გაუშვა, საქმეში მონაწილე სხვა მოსწავლეები მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან

ანგარიშსწორება ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით - გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 16 წლის არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

დახურულ კარს მიღმა დღეს 15 და 13 წლის ძმების წინააღმდეგ სასტიკი ანგარიშსწორების საქმეზე სულ ოთხი არასრულწოვანი გაასამართლეს.

აქედან სამი შემდეგ სასამართლომდე მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. 

ირკვევა, რომ 16 წლის ბრალდებული წარსულში ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი და დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.  

ბრალდების მხარემ დღეს დაადასტურა, რომ კონფლიქტი სკოლის მოსწავლეებს შორის სოციალურ ქსელში, ე.წ. ქურდული სამყაროს შეურაცხყოფისთვის დაიწყო.

სასტიკად ნაცემი ძმებიდან ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

16 წლის მოზარდი საპატიმრო დაწესებულებაში არ უნდა იმყოფებოდეს იმ სახის დანაშაულისთვის, რომელ დანაშაულთანაც დღეს გვაქვს საქმე. მე გავასაჩივრებ გადაწყვეტილებას აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. კონფლიქტი, ფაქტობრივად, დაიწყო სოციალური ქსელის მეშვეობით, კერძოდ, ტიკტოკით, სადაც პირდაპირი ჩართვის, ე.წ. ლაივის დროს დაზარალებულმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს არანაირად უკავშირდებოდა ქურდულ სამყაროს". - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

საქმის მასალების მიხედვით, მიმდინარე წლის 16 მაისს, გორში, წარსულში ქურდობისთვის და ცემისთვის ნასამართლევი არასრულწლოვნის ინიციატივით არასრულწლოვან ძმებთან შეხვედრა შედგა. მან სხვა არასრულწლოვნებთან ერთად დაზარალებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი არასრულწლოვანი 19 მაისს დააკავეს. მას ორ სხვა არასრულწლოვანთან ერთად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემა), ხოლო ერთ არასრულწლოვანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემა) წარედგინა.

მსგავსი სიახლეები