"რუსული კოშმარის საქართველოში ყოფნა თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე შეტევაა" - ევგენიძე
"რუსული კოშმარის საქართველოში ყოფნა თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე შეტევაა" - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ევგენიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
მესამე სექტორის წარმომადგენელმა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება და იმ სიკეთეებზე ისაუბრა, რასაც "MEGOBARI ACT"-ი ქართველ ხალხს მოუტანს.
ნინო ევგენიძის შეფასებით, "მეგობარი აქტი" ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების ზეგავლენისგან ქვეყნის გათავისუფლების დოკუმენტია, რომელიც მისივე განმარტებით, ქართულ საზოგადოებას შესაძლებლობებს და რწმენას დაუბრუნებს.
"მეგობარი აქტი" ითვალისწინებს სანქციების დაწესებას კორუფციაში მხილებული, ადამიანების უფლებების დარღვევაში მხილებული პირების წინააღმდეგ. რუსული კოშმარის საქართველოში ყოფნა თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე შეტევაა. მთელი ამ ხნის განმავლობაში იმის მტკიცება მიმდინარეობდა, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი არავინ არ არის... ამერიკა, დასავლური სამყარო, დემოკრატიული ინსტიტუტები განსაზღვრავენ იმას და შთააგონებენ სხვა ქვეყნებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ როგორც ჯო უილსონმა, ერთმა ადამიანმა შეძლო ცვლილებების მიღწევა, ასევე არის შესაძლებელი დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნის პირობებში, რომ ერთმა ადამიანმა მიაღწიოს იმას, რასაც ჯო უილსონმა და მისმა მხარდაჭერებმა მიაღწიეს. ჩვენი არჩევანი ცივილიზაციაა. ქართველ ხალხს არ უნდა კორუფციაში ცხოვრება, სადაც წარმატების მიღწევა იმის მიხედვით ხდება, თუ ვინმეს დაჩაგრავ, კორუფციაში ჩაერთვები." - განაცხადა ნინო ევგენიძემ.
MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:
- დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
- დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.
- ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.
- არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.
- რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
- სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
- დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
- ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
- ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
- ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;
- რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
- ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.