თავდასხმა ელჩზე - პეტერ ფიშერის პირველი კომენტარი
გერმანიის ელჩის პირველი კომენტარი მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ - პეტერ ფიშერმა "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბათუმში მომხდარის დეტალები გაიხსენა.
ევროპელი დიპლომატი ამბობს, რომ ბათუმის ქუჩებში მეუღლესთან ერთად გადაადგილდებოდა, როცა მასთან აგრესიული მამაკაცი მივიდა, ლანძღვა და ყვირილი დაიწყო.
ინციდენტს თვითმხილველებიც ჰყავს. ფიშერი ამბობს, რომ აგრესიული მამაკაცისგან მას ადგილობრივები იცავდნენ.
ბათუმში ჩვენ თევზის ბაზრის სიახლოვეს გადავადგილდებოდით , ჩემს მეუღლესთან ერთად სხვათა შორის, მოულოდნელად ვიღაც ბიჭი გამოჩნდა და ყვირილი დამიწყო. ჩვენ ქართველებთან ერთად ვიყავით, მათ უთხრეს, რომ გაჩუმებულიყო და წასულიყო. ქართველების გვერდით დგომამ ძალიან გამახარა, მას არავინ შეუერთდა და 6-7-მა ადამიანმა უთხრა, რომ ადგილი დაეტოვებინა და ისიც წავიდა"- თქვა ფიშერმა.
გერმანიის ელჩი მადლობას უხდის, ყველა იმ ადამიანს, ვინც თავდასხმის გამო დიპლომატს სოლიდარობა გამოუცხადა.
პეტერ ფიშერის განცხადებით, მსგავსი ინციდენტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ვერ დააზიანებს, თუმცა, მისივე შეფასებით, საქართველო-გერმანიის მეგობრობა პრობლემურია.
მე მადლიერი ვარ სოლიდარობის მესიებისთვის. ასეთი ინციდენტები ვერ მოახდენს გავლენას საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზე. უნდა ითქვას, რომ ჩვენი მეგობრობა ახლა პრობლემურია, მაგრამ ჩვენი მეგობრობის შემოთავაზება ძალაშია.
მინდა ვთქვა, რომ პარტნიორობას ორი მხარე სჭირდება. ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია, ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირის წევრობას, 20 წელია კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს და ჩვენ ამის გაგრძელება გვინდა"- დასძინა დიპლომატმა.
ცნობისთვის, 18 მაისს, ბათუმში, მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს თავს დაესხა.
მომხდარიდან მალევე პროპაგანდისტულმა არხმა POSTV-მ გაავრცელა ვალერი ქოჩიაშვილის ვიდეო, სადაც ის რესტორანში გინების ფაქტს ადასტურებდა.