გერმანული პრესა სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების თემას აქტიურად აშუქებს

01.10.21 18:55
გერმანული პრესა სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების თემას აქტიურად აშუქებს

,,ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს განაცხადი გააკეთა დევნილობიდან დაბრუნების შესახებ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული ZEIT.DE.

გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს საქართველოში დაპატიმრება ელის, ის ახლა დაბრუნდა გადასახლებიდან და მოსახლეობას მმართველი პარტიის მიმართ პროტესტისკენ მოუწოდებს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ადგილობრივი არჩევნებიდან ცოტა ხნით ადრე გამოაცხადა დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნების შესახებ და მოუწოდა დემონსტრაციებს. "მე გავრისკე ჩემი სიცოცხლე და დაბრუნების თავისუფლება",-თქვა სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეო შეტყობინებაში. მმართველმა პარტიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყვეს მისი დაბრუნება.

სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს, რომელიც 2013 წელს გაიქცა კავკასიის რესპუბლიკიდან, საქართველოში ემუქრება დაკავება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. "მე რვა წლის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე. მისივე განცხადებით, ის ზღვისპირა ქალაქ ბათუმში ცხოვრობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარჰყო ინფორმაცია და თქვა, რომ ექსპრეზიდენტს საზღვარი არ გადაულახავს. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ, ფაქტი ასევე უარყო: "სააკაშვილი არ არის საქართველოში - სამწუხაროდ, რადგან ეს ნიშნავს, რომ მისი დაპატიმრება ოდნავ უნდა გადაიდოს."

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინ გამოაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს დააპატიმრებენ, "როგორც კი ფეხს დაადგამს ქართულ მიწაზე". თავის ვიდეო გზავნილში სააკაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას, მონაწილეობა მიიღოს შაბათს ადგილობრივ არჩევნებში და მხარი დაუჭიროს მის მიერ დაფუძნებულ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“.

ოპოზიცია, რომელთა ნაწილი ბოიკოტს უცხადებს პარლამენტში მუშაობას, ხმების გაზრდის იმედი აქვს. არჩევნები განიხილება, როგორც მნისვნელოვანი გამოცდა მმართველი პარტიისათვის. დამკვირვებლები ასევე ელოდებიან კავკასიის რესპუბლიკაში დემოკრატიის მდგომარეობის მტკიცებულებას- ნათქვამია სტატიაში.