მეც შემიძლია გავაკეთო ვიდეო, სადაც სიდნეიდან ვეტყვი ხალხს, რომ არჩევნებზე მივიდეს - ვოლსკი
მეც შემიძლია გავაკეთო ვიდეო, სადაც სიდნეიდან ვეტყვი ხალხს, რომ არჩევნებზე მივიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თანაგუნდელების მსგავსად არ სჯერა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოშია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ეს სპექტაკლი იმ ადამიანების მობილიზებას ემსახურება, რომლებიც დესტრუქციულ პროცესებშ არ ჩაერთვნენ.
შეიძლება კომენტარის ირონიულად გაკეთება, მაგრამ მთელი ამ სპექტაკლის დადგმა ემსახურება მიზანს, მოხდეს იმ ხალხის მობილიზება, ვინც დესტრუქციული, დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში თავი არ გამოიჩინა. დესტაბილიზაციის გეგმამ ვერ გაამართლა და გადაწყვიტეს, სააკაშვილი საარჩევნო პროცესში ამ ფორმით ჩაერთოს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჩვენს თავს, საქართველოში ხდება. საერთოდ, სააკაშვილის მიზანი - ჩართულობა უკრაინიდან, გინდ ამ „ფეიკვიდეობის“ გავრცელება - არის ის, რომ დაპირისპირებამ, პროვოკაციებმა, ხალხის მობილიზებამ, ენერგიის კონცენტრაციამ სტაბილური ფორმა მიიღოს. მათ ეს სურთ, მაგრამ ქვეყნისთვის სასიხარულოდ, არ გამოსდით, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის საქართველოშ შემოსვლასთან დაკავშირებით სხვა და სხვა ვერსიებს განიხილავს. არ გამორიცხავს იმასაც, რომ ამაში მესამე პრეზიდენტს რუსეთი დახმარებოდა.
ვერც მისი მხარდამჭერები მთლად ვაჟკაცურად ვერ ამბობენ იმას, რომ გადმოკვეთა საზღვარი და ჩუმად შემოიპარა საქართველოში. არის ვარიანტი, რომ რუსეთს ხელი შეეწყო, გადმოეკვეთა ე.წ. საზღვარი ჯერ აფხაზეთის და შემდეგ შემოპარულიყო მათივე დახმარებით, ბევრი სხვა ვარიანტიც შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა და თუ ასეთი რამ მოხდა და ასეთი პოლიტიკური პოზიცია აქვს "ნაცმოძრაობას", რომ მათი ლიდერი აქ იმყოფება და მან კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი, შემოიჭრა საქართველოში უკანონო გზით, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ნებისმიერი სხვა განცხადება მშვიდობიანი გზით არჩევნების ჩატარების თაობაზე, ტყუილი ყოფილა. თუკი „ფეიკს" ავრცელებს სააკაშვილი, ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მათ იმიჯს და თუკი ეს მართლა ბათუმშია გადაღებული, ესეც სერიოზულ დარტყმას აყენებს მათ იმიჯს. ასე რომ, ორივე შემთხვევაში რთულ ვითარებაში ვარდება "ნაციონალური მოძრაობა". ქვეყნის იმიჯზე ვინ ფიქრობს, მაგრამ ქვეყნის იმიჯსაც უზარმაზარ დარტყმას აყენებს ქმედებები, რასაც ჩადიან, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მას უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს და არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი,- განაცხადა ვოლსკიმ.