სკანდალი: EU-ს დიპლომატი, სავარაუდოდ, საქართველოში არ შემოუშვეს
დიპლომატიური სკანდალი საქართველოსთვის - "პირველების" ინფორმაციით, ქვეყანაში, სავარაუდოდ, ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გუშინ შუადღიდან ბევრი წყარო ავრცელებს, თუმცა თბილისში, ოფიციალურ უწყებებს განმარტება არ გაუკეთებიათ.
"პირველები" დილიდან ცდილობს, მაკა ბოჭორიშვილის უწყებიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხები მიიღოს, თუმცა ორივე უწყება ამ დრომდე დუმს.
არსებული ინფორმაციით, ბელგიელი დიპლომატი, ევროდელეგაციის წარმომადგენელი საიმონ ვანდერბრუკი საქართველოდან იმავე ბორტიით გააბურნეს, რომლითაც ჩამოფრინდა.
ჩვენს ხელთ არსებული ცნობებით, საიმონ ვანდერბრუკს საზღვრის კვეთის უფლების შეზღუდვის საფუძლად დოკუმენტაციაში მესაზღვრემ ჩაუწერა სიტყვები - "სხვა მიზეზი", რაც სტანდარტულად კანონიერ უფლებას აძლევს მესაზღვრეს, ფიზიკურ პირს არ განუმარტოს, თუ რატომ ეზღუდება ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა.
"პირველების" ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა ბრიუსელსაც. იქ ახლა დილის 9 საათია და სავარაუდოდ, დღის განმავლობაში უკვე ცნობილი გახდება, რა პასუხი ექნება ბრიუსელს, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დიპლომატს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს.
ოპოზიციას ახლა უჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს სიგნალი მათ შორის, სხვა ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რომ მათაც შეეზღუდოთ ქვეყანაში შემოსვლის საშუალება.
- ცნობისთვის, 26 მაისს "წინააღმდეგობის პლატფორმა" გეგმავს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას და სალომე ზურაბიშვილის ამ დღეს ევროპელ პარტნიორებს ელოდება თბილისში.
დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ თუ ეს დადასტურდა და ასე არის, რომ დიპლომატს, ევროპის წარმომადგენელს აუკრძალეს ქვეყანაში შემოსვლა, ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ "ქართული ოცნება" უკვე გადავიდა რუსული დავალების შემდეგ ეტაპზე. მე ვთქვი რამდენიმე დღის წინ, რომ ისინი ალბათ შემდეგში უკვე დაიწყებენ დასავლელი დიპლომატების გაძევებას. როგორც ჩანს, უკვე ძალიან სწრაფად უახლოვდებიან ამ ეტაპსაც. ეს არის პირდაპირ განაცხადი, რომ ეს რეჟიმი ბოლომდე მიდის რუსეთის და ბელორუსის გზით", - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.
ახლა ოპოზიციონერებს აინტერესებთ, არის თუ არა ეს "ოცნების" წინასწარგანსაზღვრული პოლიტიკა და აპირებს თუ არა ივანიშვილის გუნდი რომ დიპლომატები ქვეყანაში შერჩევითად შემოუშვას.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ დიპლომატიურ სკანდალს დაახლოებით ორი კვირით ადრე წინ უსწრებდა, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის წერილი, სადაც ის საუბრობდა, რომ "ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ პირებთნ დაკავშირებით და საელჩოებში მომუშავე პირების ლოგიკურ რაოდენობამდე დაყვანა ავტომატურად გამოიწვევს, დიპლომატიურმა სამსახურებიდან ჩაიხსნან ადამიანები, რომლებიც არ არიან მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები".