არალეგიტიმური ხელისუფლება პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებას იწყებს - ეკა გიგაური
არალეგიტიმური ხელისუფლება პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებას იწყებს - ასე აფასებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური რეჟიმის მიერ ჯერ ირაკლი ოქრუაშვილის, შემდეგ კი ზურა ჯაფარიძის დაპატიმრებას.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ რეჟიმის მიზანია, 2025 წლის ოქტომბრის მომავალ ადგილობრივ არჩევნებამდე ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ.
„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებას იწყებს. „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა - აქტივისტების პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრების ტენდენცია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება დაემატა, სრულიად ახალ განზომილებაში გადავიდა.
2025 წლის 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერს - ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ მოტივით, რომ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ არ გადაიხადა მისთვის მანამდე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო. ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
რამდენიმე ხნის წინ საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ და მისი სატელიტი პოლიტიკური ორგანიზაცია „ხალხის ძალა“ არიან წარმოდგენილი, შეიქმნა ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მიზნები და ამოცანები საქართველოს ეროვნული ინტერესების კუთხით საზოგადოებაში დიდ კითხვის ნიშნებს წარმოშობს. სწორედ ამ ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა არა მხოლოდ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის, არამედ რამდენიმე სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსის მიმართ, რომლებიც უახლოეს მომავალში ასევე შეიძლება იქნენ დაპატიმრებული.
„ქართული ოცნების“ სტრატეგია ნათელია: მათი მიზანია ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა 2025 წლის ოქტომბრის მომავალ ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში. ეს პროცესი ამ ე.წ. არჩევნებს სრულ ფარსად აქცევს, - ამბობს ეკა გიგაური.
შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.