ბუაძე: "ოცნების" მიზანი პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაა
ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრების ფონზე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ივანიშვილის რეჟიმსა და საბჭოთა კავშირს შორის ტოლობის ნიშანს სვამს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვა საბჭოთა ტიპის სისტემის შემადგენელი ნაწილია.
ამასთან, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" პოსტოტალიტარულ გზაზე დგას, რომლის ერთადერთი მიზანიც ოპოზიციური ველის სრულად გაქრობაა.
პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, განსხვავებული აზრის გაჩუმება, ის ძალადობრივი სტრატეგია, რაც არჩეული აქვს ამ არალეგიტიმურ ძალას, არის პოლიტიკური პროცესის უარყოფა. ეს არის პოსტოტალიტარული გზა, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, პოლიტიკური ოპონენტების განადგურება. თავისი შინაარსით საბჭოთა ტიპის სისტემა არის ეს და საბჭოთა სისტემაში პოლიტიკური უთანხმოების, განსხვავებების გარკვევის ასპარეზი იყო პოლიტიკური ოპონენტების დაკავება, ყველაზე მძიმე გამოვლინება იყო მათი განადგურება. სწორედ ამ ვითარების შემდგომ მოცემულობაში ვართ ჩვენ." - განაცხადა საბა ბუაძემ.
შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ, 22 მაისს დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.