პოლიტიკური ლიდერების დატყვევება რუსული რეჟიმის გეგმაა - ქავთარაძე

პოლიტიკური ლიდერების დატყვევება რუსული რეჟიმის გეგმაა, - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, ანი ქავთარაძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
მისი შეფასებით, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი ოპოზიციონერი პარტიებისა და კოალიციების მიერ "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარება და მასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა იყო.
ეს არის ახალი პოლიტიკური პროცესის დასაწყისი. სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის მომენტუმი გამოჩნდა, სადაც პოლიტიკური ლიდერები უნდა აღმოჩნდნენ ტყვეობაში. სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის ეტაპი გვაქვს, მაგრამ ეს არის რუსული რეჟიმის გეგმა. რაც შეეხება ჩვენს კოალიციას, გაცხადებულად ჰქონდა დაგეგმილი, რომ ჰქონოდა ართანამშრომლობის პოლიტიკა არაღიარებულ ხელისუფლებასთან მას შემდეგ, რაც მათ არჩევნები მოგვპარეს. პირველივე დღიდან მივყევით არაღიარების პოლიტიკას, რამაც საერთაშორისო ასპარეზზეც შედეგი გამოიღო სანქციების და იმ განცხადებების სახით, რომელიც დღევანდელ დღემდე კეთდებოდა". - განაცხადა ანი ქავთარაძემ.
შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ, 22 მაისს დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.
- თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც, ირაკლი ოქრუაშვილსაც პატიმრობა შეეფარდა.
- ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. 50 000-ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000-ლარიანი ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000-ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.