"ზურა ჯაფარიძის დაკავება შემზარავია... ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონგრესი უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით" - შაჰინი
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას სენატორი ჯინ შაჰინი უსამართლოს და შემზარავს უწოდებს.
მის განცხადებას X-ზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.
"ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემზარავი და უსამართლოა. მსგავსი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონგრესი უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების დარბევის წინაშე...",- წერს შაჰინი.
მისი თქმით, დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს ყოველთვის მხარს დაუჭერს.
„დემოკრატიისთვის ბრძოლაში ყოველთვის მამაცი ქართველი ხალხის გვერდით დავდგები და ვამაყობ, რომ კონგრესში ორპარტიულ ძალისხმევას ვუძღვები, “MEGOBARI აქტს”, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად“, - აღნიშნავს ჯინ შაჰინი.
შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში 22 მაისს დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.
- თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც, ირაკლი ოქრუაშვილსაც პატიმრობა შეეფარდა.
- ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. 50 000-ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000-ლარიანი ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000-ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.