არსაითკენ მიმავალი გზაა - ლიეტუვის საგარეო ჯაფარიძის დაპატიმრებაზე შეშფოთებას გამოხატავს

24.05.25 14:17
არსაითკენ მიმავალი გზაა - ლიეტუვის საგარეო ჯაფარიძის დაპატიმრებაზე შეშფოთებას გამოხატავს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და ოთხ კედელში გამომწყვდეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს სოლიდარობას უცხადებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე წერს, რომ "დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები არსაითკენ მიმავალი გზაა".

ღრმად შეშფოთებულები ვართ ქართული ოპოზიციური პარტიის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ ქმედებებთან ერთად, მათ შორის უსაფუძვლო დაკავებები, არსაითკენ მიმავალ გზას წარმოადგენს. ჩვენი სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს!“, - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში 22 მაისს დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.        

  • თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც, ირაკლი ოქრუაშვილსაც პატიმრობა შეეფარდა. 
  • ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. 50 000-ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000-ლარიანი ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000-ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.