26 მაისის ღონისძიება - სალომე ზურაბიშვილის ოფისში სამუშაო შეხვედრა იმართება
ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ოფისში შეხვედრა იწყება - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან აუდიენციაზე მიწვეული სამოქალაქო აქტივისტები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან.
ადგილზე უკვე იმყოფება კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც "პირველებთან" აცხადებს, რომ მხარეებს შორის განხილვის მთავარი საკითხი 26 მაისს დაანონსებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო მსვლელობები და დღის გეგმა იქნება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 მაის ჩვენ შევხდეთ ისე, როგორც შეეფერება ამ ქვეყანას და არა ისე, როგორც უნდა რუსულ ოცნებას, კობახიძეს თუ სხვას, იმიტომ რომ ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლობის დღე. პასუხისმგებლობის დღე არის, რომ ამ დამოუკიდებლობას ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცვათ. არის ერთობის დღე და 1 თვეა, რაც არის 26 მაისის კომიტეტი. აბსოლუტურად ყველა იღებს ამაში მონაწილეობას და კარგად ვმუშაობთ, რომ ყველას მოთხოვნა ყოფილიყო დაკმაყოფილებული და ბევრი საინტერესო რამ იქნება. რაც შეხება "ქართული ოცნების" რაღაც გამოსვლებს, ერთადერთი პროვოკატორი და მოძალადე ამ ქვეყანაში არის "ქართული ოცნება", მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ", - ამბობს ელენე ხოშტარია.
სამუშაო შეხვედრას ასევე დაესწრება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აუდიენციის დაწყებამდე "პირველებთან" 26 მაისის ღონისძიების დეტალებზე საუბრობს.
როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება, უშუალოდ 18:00 საათზე კი ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვლენ, საზოგადოებას მიმართავენ.
სამი საათიდან დაიწყება ღონისძიებები. 6 საათზე იქნება ის ძირითადი ნაწილი, სადაც ჩვენი ევროპელი მეგობრებიც მოგვმართავენ და მოგვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს. მთავარია, რომ ერთად ვიყოთ და ჩვენი ერთიანობის ხმა გავაგონოთ ჩვენ თავს, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს სამშობლოს, მთელ მსოფლიოს". - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.