ექსკლუზივი: საქმის გარჩევა "ქურდულად" - რა წერია პოლიციის ფაილებში და რა ისმის აუდიო-ჩანაწერში
არასრულწლოვანების საქმის გარჩევა ე.წ. ქურდული წესებით - "შაბათის ეთერმა" გორში მომხდარი ანგარიშსწორების შესახებ ექსკლუზიური დეტალები გაარკვია.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული აუდიო-მტკიცებულებით დასტურდება, რომ 13 და 15 წლის ძმები ჯგუფურად სასიკვდილოდ მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ ახალგაზრდების ჯგუფს ისე როგორც 90 -იანებში ხდებოდა, ე.წ. შავებისთვის და უბნის მაყურებლებისთვის, ერთგულება დაემტკიცებინათ.
ე.წ. ქურდული გარჩევის საქმეზე ბრალდებული ოთხი პირიდან ერთი 16 წლის მოზარდი ახლაც ციხეშია. დანარჩენები კი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, თუმცა პოლიციის ფაილებით დგინდება, რომ ჯგუფური გარჩევის ყველა ფიგურანტი ან ორგანიზატორის იდენტიფიცირება გამოძიებამ ჯერ ვერ მოხერხა.
ყველაფერი 16 მაისს დაიწყო დაზარალებული ძმები გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამტკიცებენ, რომ დილიდან მათ ტელეფონზე უცნობი პირები სხვადასხვა ნომრებით რეკავდნენ და შეხვედრას სთხოვდნენ.
სატელეფონო ზარიდან რამდენიმე საათში 13 და 15 წლის სკოლის მოსწავლეები სახლთან ახლოს - სტადიონზე სათამაშოდ გავიდნენ და მეგობრებს შეხვდნენ. მოულოდნელად კი მათი ინფორმაციით, ძმებს ერთ-ერთმა ნაცნობმა უთხრა რომ ე.წ. კომბინატის დასახლებაში მიტოვებული შენობის ნანგრევებში საქმის გასარჩევად ელოდებოდნენ.
არასრულწლოვანი ძმების ჯგუფური ცემა 17 წუთიანი აუდიო ჩანაწერის მიხედვით, 10 წუთი გრძელდება. 13 წლის მოზარდმა პოლიციას დეტალურად მოუყვა ჯერ როგორ ცემეს ის შემდეგ კი როგორ აყურებინეს მისი 15 წლის ძმაზე ანგარიშსწორება.