ამ ქვეყნისთვის ბრძოლა ჩემთვის უდიდესი პრივილეგიაა და ამას წინ ვერაფერი აღუდგება - გრიგოლ გეგელია
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, მოქალაქეებს თანადგომისთვის მადლობას უხდის. ოპოზიციონერი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციაში გამოკითხეს, შემდეგ კი ჰოსპიტალში მოუწია ყოფნა.
მომხდარის შემდეგ გეგელია ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა უსასრულო მორევში ეფლობა, თუმცა ქართველი ხალხის იმედი მაინც აქვს.
ამ ქვეყნისთვის ბრძოლა ჩემთვის უდიდესი პრივილეგიაა და ამას წინ ვერაფერი აღუდგება, - წერს გეგელია.
ახლა მოვედი სახლში. რამდენიმე საათი გავატარე პოლიციაში და შემდეგ ჰოსპიტალში. უღრმესი მადლობა უთვალავ თქვენგანს სოლიდარობის და მხარდაჭერისთვის.
პირველ რიგში, ჩემი სოლიდარობა ჩვენს პოლიტპატიმრებს, ყველა ადამიანს, ვისაც დღეს რეჟიმი დევნის, ავიწროებს და სულს უხუთავს! ეს ინციდენტი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც დღეს ჩვენი პოლიტპატიმრები და მათი ოჯახები გადიან. ეს ყველაფერი ახლოსაც ვერ მოვა იმასთან, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირს.
გული მტკივა, როდესაც ვფიქრობ, რა დღეშია ჩავარდნილი ჩვენი ლამაზი ქვეყანა და საზოგადოება. რამხელა სიძულვილმა, შუღლმა, დაყოფებმა მოიცვა ეს ერთი ბეწო ქვეყანა რუსული რეჟიმის პირობებში. რამხელა პერსპექტივა, ნიჭი და შესაძლებლობა იკარგება მათ მიერ ჩვენზე თავსმოხვეულ ბურუსში, რომლითაც სარგებლობს მხოლოდ საქართველოს მტერი.
ეს ასე ვერ გაგრძელდება. შეხედეთ, იგრძენით, რას დავემსგავსეთ, როგორ ვეფლობით უსასრულო მორევში ყველა და ყველაფერი. ეს მოკლავს საქართველოს.
მაგრამ, მე მწამს ამ ქვეყნის და მისი ხალხის. ამიტომაც, თქვენთან ერთად, ბოლომდე ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ გადარჩეს და გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო. გახსოვდეთ, რომ ამ მიწაზე დიდი და ლამაზი ამბები მოხდება და ამას ვერაფერი გააჩერებს!
და ბოლოს: დიახ, ამ ქვეყნისთვის ბრძოლა ჩემთვის უდიდესი პრივილეგიაა და ამას წინ ვერაფერი აღუდგება!, - წერს გრიგოლ გეგელია.
"ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანზე თავდასხმა საცხოვრებელ სახლთან 24 მაისს მოხდა.