უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს - ყაველაშვილი
ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიხეილ ყაველაშვილმა ისევ პარტნიორების გაუფასურება სცადა. ივანიშვილის პრეზიდენტი დღეს, ფაქტობრივად, ამტკიცებდა, რომ "ოცნებაზე" უკეთ არავინ იცის, რა სჭირდება დღეს ქართველ ხალხს და ქვეყანას.
ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომლებიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება რა სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავი და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 107 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება დღეს თავისუფლების მოედანზე ჩატარდა. წელს პირველად რეკრუტებმა ფიცი მიხეილ ყაველაშვლის წინაშე დადეს.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებს პროდასავლური ოპოზიცია და ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ისევ საფრთხეშია. "წინააღმდეგობის პლატფორმამ" აქაც მრავალფეროვანი ღონისძიებები დაგეგმა.