კობახიძე: ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს
დამოუკიდებლლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ საქართველო დღეს ისეთი დამოუკიდებელია როგორც არასდროს.
ამასთან, ივანიშვილის პრემიერი ირწმუნებოდა, რომ "საქართველოს არაკეთილმოსურნენი" ქვეყანაში სიძულვილის დათესვას ისევ ცდილობენ. მისი თქმით, სწორედ ეს არის დღეს "თავისუფლების მთავარი მტერი".
დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, საუთარ თავს შევახსენოთ, რომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე, საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო კვლავაც გადის ბიბლიურ 40 წლიან მოსეს გზას აღთქმული მიწის.
დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი. სწორედ ამიტომ, მთავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღვივებდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო. დღესაც, მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 107 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება დღეს თავისუფლების მოედანზე ჩატარდა. წელს პირველად რეკრუტებმა ფიცი მიხეილ ყაველაშვლის წინაშე დადეს.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებს პროდასავლური ოპოზიცია და ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ისევ საფრთხეშია. "წინააღმდეგობის პლატფორმამ" აქაც მრავალფეროვანი ღონისძიებები დაგეგმა.