აღრიცხვას და სიას არ ვაწარმოებ - პაპუაშვილის პასუხი კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა 26 მაისის ღონისძიებას აშშ-ს ელჩი
შალვა პაპუაშვილი ვერ ამბობს, რატომ არ ესწრებოდა 26 მაისის ღონისძიებას აშშ-ს ელჩი. ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სტუმრების აღრიცხვას და სიას არ აწარმოებს.
ამასთან, პაპუაშვილი ამერიკელებს და ევროპელებს ახსენებს, რომ საქართველო მათ გვერდზე ხშირად იდგა და ამისთვის მადლიერები უნდა იყვნენ.
ვერ გეტყვით, აღრიცხვას, სიას არ ვაწარმოებ. თქვენ ხედავდით ტრიბუნას ჩემზე კარგად და შეგიძლიათ, თქვენ თქვათ. ეს დღე ჩვენია ნიშნავს, რომ ეს დღე ჩვენია. ეს დღე ჩვენ უნდა ვიზეიმოთ უპირველეს ყოვლისა. თუ რომელიმე მეგობარი ამ დღეს გადაწყვეტს ჩვენთან ერთად ზეიმს, ეს მხოლოდ მისასალმებელი და სასიხარულოა, იმიტომ, რომ ჩვენ ბევრს დავუდექით გვერდზე, გავყევით ომში ამერიკელებსაც და ევროპელებსაც და თუკი ვინმე ახლა გვერდში უდგას საქართველოს, ამით აჩვენებს თავის მადლიერებას ქართველი ხალხის წინაშე, - ამბობს პაპუაშვილი.
დღეს 26 მაისს, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ აღლუმს ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი არ ესწრებოდა.
როგორც “პირველებს“ ამერიკის საელჩოში განუმარტეს, დიპლომატი საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც ღონისძიებას ვერ დაესწრო.
რუსთაველზე არ ყოფილა არც ელჩის მოადგილე.
საელჩოს პრესამსახურის განმარტებით, ამერიკის შეერთებულ შტატები ღონისძიებაზე თავდაცვის ატაშეთი იყო წარმოდგენილი.