“ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რამაც დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია“- მაკრონის, მერცის და ტუსკის განცხადება

26.05.25 16:11
“ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რამაც დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია“- მაკრონის, მერცის და ტუსკის განცხადება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

ისინი გმობენ “ოცნების” ქმედებებს, რამაც მათი თქმით, “დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია“.

“ვგმობთ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე“,- წერია ევროკავშირის ლიდერების განაცხადებაში.

ჩვენ გვსურს ქართველ ხალხს გადავცეთ გზავნილი, რომელიც შეიცავს მეგობრობასა და სოლიდარობას და კვლავ გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის წევრობის სურვილს.

ამიტომაც, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რამაც დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია, ვგმობთ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე.

შეკრების და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.

ცნობები გადაჭარბებული ძალადობის შესახებ უნდა გამოიძიონ.

კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს. საჭირო რეფორმების პროცესი ახლიდან უნდა დაიწყოს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა აღადგინონ დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

საქართველოს მოსახლეობას არ უნდა წაერთვას ის შესაძლებლობები, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ევროპულ გზასთან”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

„ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გარსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.