ოპოზიცია: ივანიშვილის რეჟიმი სანქციებს ვერ გადაურჩება

26.05.25 17:18
ოპოზიცია: ივანიშვილის რეჟიმი სანქციებს ვერ გადაურჩება

ევროკავშირის ლიდერების უმწვავესი გზავნილი “ოცნებას“- ოპოზიციაში პირდაპირ ამბობენ, რომ სამი სახელმწიფოს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი სანქციებს ვერ გადაურჩება.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივი განცხადება იმის ნიშანია, რომ “უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კიდევ უფრო მძლავრ ნაბიჯებს, ივანიშვილის რეჟიმზე წნეხის გაზრდის მიამრთულებით“.

ეს მილოცვა უჩვეულო შინაარსისაა, რადგან, როგორც წესი, დამოუკიდებლობის აღსანიშნავ დღესასწაულს ულოცავენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მის ხელისუფლებას. ამის ნაცვლად, ჩვენ ვნახეთ ამ განცხადებაში ძალიან მკაფიო გამიჯვნა ქართველი ხალხის და მათი ინტერესების , იმ რეჟიმისგან, რომელიც დრეს ქვეყანას მართავს. ფაქტობრივად, ამ განცხადების შინაარსი ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ასახავს ქართველი ხალის ნებას, იყოს ევროპის ნაწილი. ეს მილოცვის შინაარსი კიდევ ერთხელ ხდის ნათელს, რომ ერთადერთი წინაღობა, საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ვფიქრობ, ეს არის სერიოზული განაცხადი და უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა ველოდეოთ კიდევ უფრო მძლავრ ნაბიჯებსაც ამ შემადგენლობიდან, ივანიშვილის რეჟიმზე წნეხის  გაზრდის მიმართულებით,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მოსალოდნელ სანქციებზე საუბრობს კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბუტიკაშვილი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების“ ქმედებების პარალელურად, ეს სამივე ქვეყანა საპირწონედ დააწესებს სანქციებს და ეს იქნება ფინანსური სანქციები“

კრიტიკა “ქართული ოცნების“ მიმართ არის ერთობლივი, ამ სახელმწიფოების მხრიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი, “ოცნება“ აგრძელებს პოლიტიკური ლიდერების  ციხეში დაჭერას, ძალადობას საქართველოში, შესაბამისად, ამ სამივე ქვეყნის შემდეგი ნაბიჯი, იქნება სწორედ სანქციები, არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა და ა.შ., რაც მანამდე ვნახეთ, არამედ  შემდეგი ნაბიჯები, რც უნდა მოყვეს, იქნება ფინანსური სანქციები, ასეა გეგმაში გაწერილი. ანუ, “ქართული ოცნების“ ქმედებების პარალელურად, ეს სამივე ქვეყანა საპირწონედ დააწესებს სანქციებს და ეს იქნება ფინანსური სანქციები, -განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

“ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ საფრთხეს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც ევროპულ მომავალს შეუქმნა“,- ამბობს თეონა აქუბარდია და ამბობს, რომ “ასეთი მწვავე კრიტიკა დამოუკიდებლობის დღეს, არ ახსენდება.“

ისტორიაში არ მახსენდება ასეთი მწვავე კრიტიკა ე.წ. ხელისუფლების, დამოუკიდებლობის დღეს და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ საფრთხეს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც ევროპულ მომავალს შეუქმნა მთელი ამ ავტორიტარული კანონებით, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

ისინი გმობენ “ოცნების” ქმედებებს, რამაც მათი თქმით, “დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია“.